კულტურის სამინისტრო

სასამართლოში დავა ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებულმა კიდევ ერთმა თანამშრომელმა მოიგო – SJC

parliament.ge

სოციალური სამართლიანობის ცენტრის (SJC) ინფორმაციით, კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის საკადრო წმენდის დროს ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებულმა კიდევ ერთმა თანამშრომელმა, გიორგი ჯამბურიამ სასამართლო დავა მოიგო. 

SJC-ის ინფორმაციით, გათავისუფლების ბრძანების უკანონოდ ცნობასთან ერთად, სასამართლომ მოპასუხე მხარეს კომპენსაციის და გათავისუფლების დღიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე განაცდურის სახით ხელფასის ოდენობის თანხის გადახდა დააკისრა. 

განცხადების მიხედვით, გიორგი ჯამბურია სამსახურიდან 2022 წლის იანვარში გაათავისუფლეს, რასაც წინ უძღოდა მუზეუმში რეორგანიზაციის გამოცხადება. 

"ჩვენი შეფასებით, აღნიშნული რეორგანიზაციის რეალური მიზანი, სტრუქტურული ცვლილებების და ოპტიმიზაციის ნაცვლად, არასასურველი კადრების ჩამოშორება იყო და გამოყენებულ იქნა თანამშრომლების მასობრივი დათხოვნის მიზნით. შესაბამისად, ჩვენი სასარჩელო მოთხოვნა, მათ შორის, ეფუძნებოდა იმ გარემოებას, რომ მუზეუმში ახალი მენეჯმენტის მიერ ჩატარებული შეფასების პროცესი არ ემსახურებოდა გიორგი ჯამბურიას კომპეტენციის და უნარ-ჩვევების შეფასებას და ამდენად, მისი გათავისუფლება უსაფუძვლო იყო, რაც სასამართლომ გაიზიარა.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს სასამართლოს გადაწყვეტილების მხოლოდ იმ ნაწილს, რომლითაც კომპენსაციის ოდენობა 2000 ლარით განისაზღვრა, რაც, ჩვენი შეფასებით, შეუსაბამოდ დაბალი ოდენობაა". - ვკითხულობთ განცხადებაში.  

კულტურის მინისტრის თანამდებობაზე თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ ეროვნული მუზეუმიდან ათობით თანამშრომელი გაათავისუფლეს. სამინისტრო მიზეზად "რეორგანიზაციას" ასახელებს. გათავისუფლებული თანამშრომლების ნაწილმა საკითხზე კულტურის სამინისტროს სასამართლოში დავა მოუგო. 

17 იანვარს ეროვნული მუზეუმის დირექტორის მოადგილემ, თეონა ჯაყელმა თანამდებობა დატოვა. განცხადების მიხედვით, გადაწყვეტილების მიზეზი მუზეუმის ინსტიტუციურ განვითარებასა და საკადრო პოლიტიკაზე მისი და კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განსხვავებული ხედვებია.  

კომენტარები