რუსეთი

ვლადიმირ პუტინმა "რუსეთის საგარეო პოლიტიკური კურსის შესახებ" 2012 წლის განკარგულება გააუქმა

ვლადიმირ პუტინი 2023 წლის 21 თებერვლის ფედერალური კრებისადმი მიმართვაზე.
კრემლი

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა "რუსეთის საგარეო პოლიტიკური კურსის შესახებ" 2012 წლის განკარგულება გააუქმა. ინფორმაცია რუსეთის სამართლებრივი ინფორმაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პუტინის გადაწყვეტილება საერთაშორისო ურთიერთობებში არსებითი ცვლილებების პირობებში რუსეთის ეროვნული ინტერესების უზრუნველყოფას ემსახურება.

რუსეთის საგარეო პოლიტიკური კურსის განხორციელების ზომების შესახებ დოკუმენტი თავდაპირველად 2012 წლის 7 მაისს გამოქვეყნდა. დოკუმენტში ხაზგასმული იყო, რომ რუსეთის საგარეო პოლიტიკა მის ეროვნულ ინტერესების უზრუნველყოფდა პრაგმატიზმის, გამჭვირვალობისა და მრავალვექტორულობის პრინციპების საფუძველზე.

დოკუმენტი ითვალისწინებდა, რუსეთისა და ევროკავშირის ენერგეტიკული ურთიერთობის განვითარებას. ასევე, ერთიანი ეკონომიკური და ადამიანური სივრცის შექმნისკენ სწრაფვას ატლანტიკურიდან წყნარ ოკეანემდე. განკარგულებაში აღნიშნული იყო, რომ რუსეთს სურდა აშშ-სთან სტაბილური და პროგნოზირებადი ურთიერთობების კურსის გატარება – თანასწორუფლებიანობას, შიდა საქმეებში ჩაურევლობასა და ერთმანეთის ინტერესების პატივისცემის პრინციპების საფუძველზე.

გარდა ამისა, თავდაპირველი დოკუმენტი ითვალისწინებდა NATO-სთან ურთიერთობების განვითარებას უსაფრთხოების სფეროში, "რუსეთის ინტერესების გათვალისწინებით ალიანსის მზადყოფნის თანაზომიერად". ასევე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი განკარგულების თანახმად, ვალდებული იყო დაეცვა რეგიონული კონფლიქტების პოლიტიკური/დიპლომატიური დარეგულირების უალტერნატივობა მოლაპარაკებებში ყველა დაინტერესებული მხარის ჩართვის საფუძველზე.

21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ფედერალური კრებისადმი მიმართვაში აღნიშნა, რომ რუსეთი ზემოხსენებულ შეთანხმებებში მონაწილეობას აჩერებს.

მანამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი აცხადებდა, რომ განახლებული საგარეო პოლიტიკის კონცეფცია ახლო მომავალში გამოქვეყნდება და მასში საუბარი იქნება, დასავლეთის მონოპოლიზაციის შეჩერების აუცილებლობაზე.

პარალელურად, დოკუმენტში საუბარი იყო რუსეთის მეირ ოკუპირებულ რეგიონებზე. განკარგულება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავალდებდა, "დნესტრისპირეთის პრობლემის" მოგვარების გზების ძიებაში აქტიური მონაწილეობის გაგრძელებას მოლდოვის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ნეიტრალური სტატუსის პატივისცემის საფუძველზე, "დნესტრისპირეთის განსაკუთრებული სტატუსის გათვალისწინებით". ამავე დოკუმენტში ხაზგასმული იყო, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევალებოდა აქტიური ხელშეწყობა "აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოებად ჩამოყალიბებისთვის, მათი საერთაშორისო პოზიციების გამყარებისთვის და მათი უსაფრთხოებისა და სოციალურ-ეკონომიკური აღდგენის უზრუნველყოფისთვის".

კომენტარები