თანამედროვე სამყაროში არსებობს რაღაც გარკვეული ძალები, რასაც ჩვენ პირობითად, გლობალური ომის პარტიას ვეძახით. მათ მიაჩნიათ, რომ საქართველოს ომში ჩართვა აქ შექმნის მეორე ფრონტს, რაც რუსეთს, როგორც მინიმუმ, 50 000 ჯარისკაცს მაინც დაუკავებს, ეს ძალიან შეეშველება უკრაინას და ძალიან დაასუსტებს რუსეთს, მაგრამ საქართველოს რომ ჩამოშლის და ამ ქვეყანას საერთოდ მოკლავს, ამაზე არავინ ფიქრობს.
ტკივილნარევი იუმორით იტყვიან ხოლმე ის ადამიანები, ვინც უფრო დეტალურად ფლობს ინფორმაციას, ვიდრე ნებისმიერი ჩვეულებრივი მოქალაქე – ხან გვაყვედრიან დახმარებას, ხან რაღაცას და საახალწლოდ დასაკლავი ინდაურივით არ უნდა გაგასუქოს არავინ, ქვეყანას ასე არ უნდა მოეპყროს. ამ ხუმრობას მეორეც მიჰყვება ხოლმე – არც გასუქებენ და მაინც დასაკლავი ინდაურივით გეპყრობიანო. ასეთი ტკივილნარევი ხუმრობაც არსებობს. მიმხვედრი მიხვდება, რაზეც ვლაპარაკობ.





