კანონი უცხოური აგენტების გამჭვირვალობის შესახებ

ნაცვლიშვილი პაპუაშვილს: როგორ მოგმართოთ, ბატონო შალვა, ბატონო სპიკერო თუ ბატონო აგენტო?

"როგორ მოგმართოთ, ბატონო შალვა, ბატონო სპიკერო თუ ბატონო აგენტო?" - უთხრა ლელოს დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს პლენარულ სხდომაზე. 

"მომმართეთ პარლამენტის თავმჯდომარე"- უპასუხა შალვა პაპუაშვილმა დეპუტატს.

ნაცვლიშვილის თქმით, ივანიშვილის დეპუტატების კანონი არაა გამჭვირვალობის და  "ეს არის კანონი, რომელიც აუქმებს სამოქალაქო საზოგადოებას".

"ყოფილი დამსახურებული აგენტი, მე ასე მოგმართავთ, რადგან თქვენც იმ წიაღიდან მოდიხართ, რომელსაც ახლა აგენტად გამოცხადებას უპირებთ.. რაც შეეხება ამ კანონს, აქ ოჩიგავას საქმეზე ლაპარაკობდით. შემთხვევით ხომ არ მოგიკითხავთ ოჩიგავას საქმე, ვინ მოიგო, ვინ მუშაობდა ამ საქმეზე, როგორც ნაწამები პატიმრებისა და დაჩაგრული ადამიანების საქმეებზე წლების განმავლობაში? ზუსტად ის ხალხი მუშაობდა, ვისაც თქვენ ახლა უპირებთ, რომ უცხოური ქვეყნის აგენტები დაარქვათ და ქუჩებში მიუქსიოთ თქვენი ტიტუშკები. ძალიან კარგად იცით, თქვენ, ბატონო შალვა, ომ თითოეული თეთრი რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები, მედიები, აქტივისტთა ჯგუფები, ადამიანები იღებენ სტრატეგიული პარტნიორებისგან, რომლებისგანაც თქვენ ბიუჯეტში იღებეთ მილიონობით თანხებს. იგივე პარტნიორები აფინანსებენ ჩვენს თავდაცვას, ჯანდაცვას, განათლებას, გელათის რეაბილიტაციას და ა.შ. აი ის თანხები იხარჯება გამჭვირვალედ და როგორც დონორები, ისევე სახელმწიფო სრულ ინფორმაციას ფლობს, ვისგან მოდის ეს თანხები და შემირცხვენია იმ ქვეყნის უსაფრთხოება, რომელსაც ჰგონია, რომ მის ქვეყანაში რომელიმე ქვეყანა აგენტურულ ქსელს აბამს და იმას ელოდება, რომ აგენტი მივა და დაწერს აგენტი ვარო. ეს არის შეურაცხყოფაა საქართველოს უსაფრთხოების სამსახურისთავის".- თქვა ანა ნაცვლიშვილმა. 

დეპუტატმა პაპუაშვილს შეახსენა, რომ ქართულ ოცნებაში გაწევრიანებამდე ის არასამთავრობო სექტორში მუშაობდა და "აგენტად დარეგისტრირება" თავადაც მოუწევს. 

"უკვე ხვდებით, რომ ამ კანონზე ხელს არ მოაწერს საქართველოს პრეზიდენტი და პირადად თქვენი სახელისა და გვარის დაფიქსირება მოგიწევთ ამ კანონზე, რითაც გადახაზავთ საკუთარ წარსულს, იმ წარსულს, რომელიც განსხვავდება იმისგან, ვიდრე ქართულ ოცნებაში გადმობარგების შემდეგ აკეთებთ"- თქვა ნაცვლიშვილმა. 


ივანიშვილის დეპუტატებმა პარლამენტში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის დააინიცირეს. დეპუტატების თქმით, აღნიშნული კანონპროექტი უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციების საქმიანობას შეეხება. მათივე მტკიცებით, კანონი დასავლურ ანალოგზეა დაფუძნებული.  

კანონი რუსეთში 2012 წლის 20 ივლისს მიიღეს - ვლადიმირ პუტინის მე-3 ვადით არჩევის შემდეგ. უცხო ქვეყნის აგენტის შესახებ კანონის მთავარი სამიზნე რუსეთში არასამთავრობო ორგანიზაციებია - კანონის მიხედვით, არასამთავრობო ორგანიზაციები, ინსტიტუტები და ფონდები, რომლებიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებენ, საგარეო აგენტებად არიან მიჩნეულნი.     

2012 წელს მიღებულ დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ რუსული არასამთავრობო ორგანიზაცია, (პოლიტიკური პარტიის გამოკლებით) მიიჩნევა უცხოურ აგენტად, თუ ის სხვა სახელმწიფოსგან სახსრებს ან/და ქონებას იღებს სხვა სახელმწიფოსგან, საერთაშორისო ორგანიზაციისგან, სხვა ქვეყნის მოქალაქისგან და, ასევე, მონაწილეობას იღებს რუსეთში პოლიტიკურ საქმიანობაში. რუსეთში ამტკიცებენ, რომ კანონი მსგავსი არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობას არ კრძალავს, თუმცა მოითხოვს, რომ დარეგისტრირდნენ იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ რეესტრში. ორგანიზაციებმა რუსეთის იუსტიციის სამინისტროს უნდა მიაწოდონ ინფორმაცია თანხის ხარკვის, აუდიტისა და მენეჯმენტის შესახებ. კანონის მიხედვით, იუსტიციის სამინისტროს აქვს უფლება, უცხოური აგენტის სტატუსის მქონე ორგანიზაციები არაგეგმიურად შეამოწმოს, ასევე, ისინი რეესტრში იძულებით დაარეგისტრიროს.

ვლადიმირ პუტინმა კანონის მიღება 2012 წლის თებერვლის საპროტესტო აქციების საპასუხოდ გადაწყვიტა - რუსეთის პრეზიდენტი აქციების წახალისებასა და დაფინანსებაში უცხო ქვეყნების მთავრობებს ადანაშაულებდა.

აშშ-სა და რუსეთის კანონები ერთმანეთისგან განსხვავდება, ასევე, განსხვავებულია ისიც, რომ აშშ მას გამჭვირვალობისთვის იყენებს, რუსეთი კი ანგარიშსწორების იარაღად და კრიტიკის საპასუხოდ.  

კომენტარები