რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: თუ ჩინეთი რუსეთის გვერდზე დადგება, მესამე მსოფლიო ომს მივიღებთ

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანულ გამოცემა Die Welt-თან ინტერვიუში გამოეხმაურა აშშ-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ჩინეთი, შესაძლოა, რუსეთისთვის ლეტალური იარაღით დახმარებას გეგმავდეს. ზელენსკის თქმით, ჩინეთის მიერ ამ ომში რუსეთის გვერდით დადგომა მესამე მსოფლიო ომს გამოიწვევს.

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩინეთმა მხარი არ დაუჭიროს რუსეთს ამ ომში. მეტიც, მსურს, რომ ის ჩვენ მხარეს იყოს. ამ მომენტში, ყოველ შემთხვევაში, ეს არ მგონია შესაძლებელი. თუმცა, მე ვხედავ შესაძლებლობას, რომ ჩინეთმა გააკეთოს მიმდინარე მოვლენების პრაგმატული შეფასება. თუ ჩინეთი რუსეთის გვერდით დადგება, მსოფლიო ომს მივიღებთ და მე მგონია, რომ ჩინეთს ეს ესმის". – ამბობს ზელენსკი.

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ენოტინი ბლინკენის თქმით, იზრდება საფრთხე, რომ ჩინეთი გეგმავს, რუსეთს უკრაინაში მიმდინარე ომში დაეხმაროს.

"ბოლო თვეებში უკვე ვნახეთ ჩინეთის არალეტალური დახმარება, რომელიც პირდაპირ უწყობდა ხელს რუსეთის ომის მანქანის გაძლიერებას. და კიდევ თუ გავითვალისწინებთ იმ ინფორმაციას, რასაც ახლა ვისმენთ და დამატებით დეტალებს, რაც, ჩემი აზრით, მალე ცნობილი იქნება, ცხადი ხდება, რომ ისინი განიხილავენ რუსეთისთვის ლეტალური დახმარების გაწევას". - თქვა ბლინკენმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რას მიაწვდის ჩინეთი რუსეთს, ბლინკენმა აღნიშნა, "იარაღს, იარაღს, პირველ რიგში".

"მთელი სპექტრია, რაც ამ კატეგორიაში ჯდება - საბრძოლო მასალიდან დაწყებული იარაღით დამთავრებული". - თქვა ბლინკენმა.

გაეროში აშშ-ს ელჩის, ლინდა თომას-გრინფილდის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ჩინეთი რუსეთს უკრაინაში საბრძოლველად სამხედრო დახმარებას გაუწევს, ის "წითელ ხაზს" გადაკვეთს. ამის შესახებ ელჩმა CNN-თან ინტერვიუში ისაუბრა. 

"მივესალმებით ჩინეთის სამშვიდობო მოწოდებას. ეს სწორედ ისაა, რის მიღწევასაც ჩვენ მსგავს სიტუაციებში ვცდილობთ. თუმცა ჩვენი მხრიდან ასევე მკაფიო უნდა იყოს, რომ თუკი ჩინეთი ან ნებისმიერი სხვა, აზრად გაივლებს რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ სასტიკ თავდასხმაში მხარი დაუჭიროს, ეს ჩვენთვის მიუღებელი იქნება. ეს წითელი ხაზის გადაკვეთას ნიშნავს". - თქვა გაეროში აშშ-ს ელჩმა, ლინდა თომას-გრინფილდმა ინტერვიუში. 

ლინდა თომას-გრინფილდის ინტერვიუ ჩინეთის მიერ რუსეთის სამხედრო დახმარებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას მოჰყვა.

CNN-ის ინფორმაციით, აშშ-მ "შემაშფოთებელი" ტენდენცია შენიშნა ჩინეთის მიერ რუსეთის არმიის მხარდაჭერის მიმართულებით. ვრცელდება ინფორმაცია, რომ პეკინი "აპირებს ზღვარი გადაკვეთოს" და რუსეთს ფარულად სამხედრო დახმარება გაუწიოს. მედიის ცნობით, აშშ-მ დაზვერვის მიერ შეგროვებული ინფორმაცია და მტკიცებულებები მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე მოკავშირეებსაც გაუზიარა.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, ვანგ ვენბინი გამოეხმაურა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ ჩინეთი, შესაძლოა, გეგმავდეს უკრაინაში მიმდინარე ომში რუსეთის ლეტალური იარაღით დახმარებას. ვენბინის თქმით, აშშ-ს ჩინეთს ლექციებს ვერ წაუკითხავს ვინმესთვის იარაღის მიწოდებასთან დაკაშირებით. 

ჟურნალისტებთან საუბრისას, ვენბინმა თქვა, რომ არა ჩინეთი, არამედ აშშ აწვდის დიდი რაოდენობით იარაღს უკრაინაში მიმდინარე ომის ბრძოლის ველზე.

"აშშ-ს მხარეს არ აქვს იმის კვალიფიკაცია, რომ ლექციები წაუკითხოს ჩინეთს და ჩვენ არასდროს მივიღებთ აშშ-ს კარნახსა და შემაკავებელ წნეხს ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობებზე. ვინ არის ის, ვინც დიალოგისკენ მოუწოდებს და ვინ არის ის, ვინც დანებს არიგებს და კონფრონტაციას ახალისებს?".

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ხაზგასმით თქვა, რომ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის მოსაგვარებლად ჩინეთი აგრძელებს მშვიდობისა და საუბრისკენ მოწოდებას და კონსტრუქციული როლს თამაშობს დეესკალაცისა და სიტუაციის დამშვიდებისთვის ხელის შესაწყობად.

 

კომენტარები