ენმ

მელია: ან ხარ პარლამენტში და იქ იბრძვი ან უარს ამბობ მანდატზე, ბოიკოტი გაუგებარია

მიმაჩნია, რომ პარლამენტში აქტიური საქმიანობა არის მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია, რომ იქაც შეექმნას დისკომფორტი ხელისუფლებას. პარალელურად, არავინ ზღუდავს არავის ქუჩის მანიფესტაციებისაგან, დემონსტრაციებისაგან.

მიმაჩნია, რომ ან ხარ პარლამენტში და იქ პოლიტიკურად იბრძვი, ან, უბრალოდ, უარს ამბობ საპარლამენტო საქმიანობაზე და აღარ ხარ დეპუტატი, უერთდები საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც ქუჩაში დგას.

ამ საკითხის შუალედური გადაწყვეტა ბოიკოტის სახით, ჩემი აზრით, პროცესისთვის არის დამაზიანებელი და მხოლოდ ხელისუფლებისთვის არის ხელსაყრელი. ვიმეორებ, ან ხარ პარლამენტში და პოლიტიკურად იქ იბრძვი, ან საერთოდ არ ხარ. ბოიკოტი, რბილად რომ ვთქვათ, ჩემთვის არის გაუგებარი.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ამბობს ენმ-ის წევრი, ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია.

მას შემდეგ, რაც მოსამართლე გიორგი არევაძემ მიხეილ სააკაშვილს სასჯელი არ გადაუვადა, ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში განაცხადეს, რომ პარტია საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობას აღარ მიიღებდა. ენმ-ში თქვეს, რომ მანდატების დატოვებაზე კონსულტაციებს აგრძელებენ, საპარლამენტო საქმიანობას კი წყვეტენ. მაშინ სტრატეგია აღმაშენებელმაც განაცხადა, რომ "საპარლამენტო საქმიანობას ვწყვეტთ, ვაჩერებთ, ბოიკოტში გადავდივართ".

კომენტარები