ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ენმ მანდატების დატოვებაზე კონსულტაციებს გააგრძელებს, საპარლამენტო საქმიანობას კი წყვეტს

ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საპარლამენტო საქმიანობას წყვეტს, მანდატების დატოვებასთან დაკავშირებით კი კონსულტაციებს გააგრძელებს. ამის შესახებ პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ბეჟაშვილმა საკანონმდებლო ორგანოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"ამ ვითარებაში, როდესაც სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებებისთვის პოლიტიკური სივრცე აღარ არსებობს და ხელისუფლება მხოლოდ პოლიტიკური შურისძიების მოტივით მოქმედებს, ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გადაწყვეტილებას იღებს და ფრაქცია საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობას აღარ მიიღებს. ეს იმას გულისხმობს, რომ ჩვენ არც პლენარულ სხდომებსა და საკომიტეტო მოსმენებს დავესწრებით და არანაირ საპარლამენტო ფორმატში მონაწილეობას აღარ მივიღებთ. ამავდროულად, ფრაქცია და პარტია პროტესტის კიდევ უფრო მძიმე ფორმების შესახებ კონსულტაციებს გააგრძელებს - საუბარია მანდატების დატოვებაზე. ამ საკითხზე ჩვენ კონსულტაციები გვექნება უპირველესად ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან. ასევე, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან და ბუნებრივია, პოლიტიკური ვითარების განვითარების კვალდაკვალ, ჩვენს ფრაქციას მიღებული აქვს გადაწყვეტილება, რომ ამ მიმართულებით პროტესტის კიდევ უფრო უკიდურესი ფორმები გამოვიყენოთ". - განაცხადა ბეჟაშვილმა.

პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის თქმით, ეს გადაწყვეტილება იმიტომ მიიღეს, რომ 6 თებერვალს ბიძინა ივანიშვილმა და ქართულმა ოცნებამ სასამართლოს ხელით მიხეილ სააკაშვილის მიმართ განზრახ მკვლელობის ფაქტი გააფორმეს, რაც მისივე თქმით, ასევე ეწინააღმდეგება საქართველოს ევროპულ პერსპექტივას.

"გუშინ ბიძინა ივანიშვილისა და ქართული ოცნების გადაწყვეტილებით, რუსი ოლიგარქიული რეჟიმის მიერ, მიხეილ სააკაშვილის მიმართ წამების, არაადამიანური მოპყრობისა და განზრახ მკვლელობის ფაქტი გაფორმდა [...] ამ გადაწყვეტილებით, ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ საქართველოში სასამართლო ფიქცია და პოლიტიკური შურისძიების იარაღია [...] ეს გადაწყვეტილება არის რუსული რევანში საქართველოს წარმატების სიმბოლოზე, მიხეილ სააკაშვილზე. ასევე, ეს გადაწყვეტილება არის საქართევლოს ევროპული პერსპექტივის წინააღმდეგ - ვინაიდან, ჩვენი დასავლელი პარტნიორები სწორედ მიხეილ სააკაშვილის მიმართ ჰუმანური და სამართლიანი გადაწყვეტილების მოლოდინებს უკავშირებდა ჩვენი ქვეყნისთვის ევოკავშირის კანიდატის სტატუსის მიცემას". - ამბობს ბეჟაშვილი.

თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასჯელისგან არ გაათავისუფლა. მოსამართლე გიორგი არევაძის გადაწყვეტილებით, სააკაშვილს არც სასჯელი გადაუვადდება.

კომენტარები