რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"საფრანგეთი მაკრონით არ დაწყებულა" – ზახაროვამ მაკრონს ნაპოლეონის ბედი შეახსენა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი კრემლთან ორმაგი დიპლომატიის წარმოების გამო გაკიცხა და მას რუსეთთან ურთიერთობაში ნაპოლეონ ბონაპარტის ბედი შეახსენა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა Le Journal du Dimanche-სთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ მას უკრაინაში რუსეთის დამარცხება სურს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მისი განადგურება უნდა.

"მე მსურს რუსეთი უკრაინაში დამარცხდეს და უკრაინას თავისი პოზიციების დაცვა შეეძლოს. ზოგიერთისგან განსხვავებით, მე არ ვფიქრობ, რომ ჩვენ მიზნად რუსეთის ტოტალური მარცხი უნდა დავისახოთ და თავისივე მიწაზე დავესხათ თავს. ვინც ამას უჭერს მხარს, ყველაზე მეტად რუსეთის განადგურება უნდა. ეს არასდროს ყოფილა და არც არასდროს იქნება ჩვენი პოზიცია". - თქვა ემანუელ მაკრონმა ინტერვიუში.

ზახაროვა რუსეთის მარცხთან დაკავშირებით მაკრონის კომენტარს გამოეხმაურა. 
 
"თითქმის არასდროს. საფრანგეთი მაკრონით არ დაწყებულა და ნაპოლეონის ნაშთები, რომელსაც დღემდე მთელი სახელმწიფოს მასშტაბით სცემენ პატივს, პარიზის ცენტრშია დასვენებული. საფრანგეთსა და რუსეთს უნდა ესმოდეს". -  უპასუხა საფრანგეთის პრეზიდენტს ზახაროვამ. 

მარია ზახაროვას თქმით, საფრანგეთის პრეზიდენტის შენიშვნებიდან იკითხება, რომ დასავლეთი რუსეთში რეჟიმის ცვლილებას განიხილავს, ხოლო მაკრონი, ამის საპირისპიროდ, რუსეთის მთავრობასთან ცდილობს შეხვედრასა და მოლაპარაკებებს.  რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ამისთვის ემანუელ მაკრონს "ფასდაუდებელი" უწოდა.

კომენტარები