მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია

მზად ვართ თურქეთთან პოლიტიკური დიალოგისთვის, გვსურს ნაბიჯები წინ გადავდგათ – ფაშინიანი 

ნიკოლ ფაშინიანი

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე 18 თებერვალს სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების საკითხსა და გამოწვევებზე დისკუსია გაიმართა, რომელსაც საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებიც ესწრებოდნენ.

თურქეთში მომხდარი ტრაგედიის ფონზე სომხეთის პრემიერმინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს თურქეთთან სამომავლო ურთიერთობის გაუმჯობესების პერსპექტივაზე დაუსვეს შეკითხვა:
"თქვენ ახლა თურქეთს ამ შემზარავი მიწისძვრის დროს ეხმარებით. ფიქრობთ, რომ სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობის გაუმჯობესების შესაძლებლობა არსებობს? შესაძლებელია, რომ ეს საშინელი კატასტროფა თქვენი ურთიერთობის გამოსწორების მიზეზად იქცეს"?

"თურქეთში ჰუმანიტარული დახმარებისა და მაშველების გაგზავნისას მხოლოდ ჰუმანიტარული მოტივები გვამოძრავებდა, რადგან ჩვენს სამეზობლოში მილიონობით ადამიანი იტანჯებოდა. თუმცა ამის საპასუხოდ თურქეთის მთავრობის მხრიდან ძალიან პოზიტიური რეაქციის მოწმენი გავხდით და თუ ამ ნაბიჯს პოლიტიკური შედეგებიც მოჰყვება, რა თქმა უნდა, ეს კიდევ უკეთესი იქნება.
რაც შეეხება პოლიტიკურ დიალოგს, სიმართლე გითხრათ, მიწისძვრამდე ჩვენ უკვე ვაწარმოებდით წარმომადგენლების მეშვეობით მოლაპარაკებებს  და ვფიქრობ, რომ დიალოგი ძალიან მნიშვნელოვანია. გვჯერა, რომ ჰუმანიტარულ დახმარებაზე დიალოგის ფონზე პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა კიდევ უფრო მაღალი იქნება. ჩვენ გვსურს ნაბიჯები წინ გადავდგათ და ამისათვის მზად ვართ. გვჯერა, რომ თურქეთთან დიპლომატიური ურთიერთობის დამყარება და ჩვენი საზღვრის გახსნა დადებითად იმოქმედებს არა მხოლოდ ჩვენს რეგიონულ, არამედ საერთაშორისო ვითარებაზე". - თქვა სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა კონფერენციაზე. 


ბოლო 35 წლის განმავლობაში პირველად თურქეთმა სომხეთთან საზღვარი გახსნა. მიზეზი სამხრეთ თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულებისთვის დახმარების მიწოდებაა. ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას თურქული საინფორმაციო სააგენტო, Anadolu Agency ავრცელებს.

თურქული მედიის ცნობით, საზღვარი ბოლოს 1988 წელს გახსნეს, როცა სომხეთში მომხდარი მიწისძვრის დროს დასახმარებლად თურქეთის წითელი ჯვრის წარმომადგენლები ჩავიდნენ. 

კომენტარები