მიხეილ სააკაშვილი

მედია: უნგრეთმა ევროკავშირს სააკაშვილთან დაკავშირებული დიპლომატიური პროტესტი დაუბლოკა

პოლონური მედიის ცნობით, უნგრეთმა ევროკავშირს დაუბლოკა საქართველოს ხელისუფლების მიმართ გასაგზავნი დიპლომატიური პროტესტი, რომელიც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ეხებოდა. 

მედიის ცნობით, პოლონეთი საპროტესტო ნოტაში გამოდიოდა ინიციატივით, რომ სააკაშვილის სასჯელის ვადა დაესრულებინათ და საზღვარგარეთ მკურნალობის უფლება მიეცათ. დემარში, რომელიც ამ ინიციატივას მოიცავდა, ევროკავშირის ყველა სახელმწიფოს უნდა დაედასტურებინა.

როგორც პოლონური მედია წერს, წინადადებას უნგრეთის გარდა მხარი ყველამ დაუჭირა. მათივე ცნობით, ევროკავშირის დიპლომატები ამბობენ, რომ ბუდაპეშტის გადასარწმუნებლად ყველაფერს იღონებენ.

აქამდე, გასულ კვირას პოლონეთი პრემიერმინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ თქვა, რომ პოლონეთი მზადაა, სააკაშვილი სამკურნალოდ მიიღოს.

2019 წელს მიხეილ სააკაშვილი უნგრეთის პრემიერმინისტრზე, ვიქტორ ორბანზე ამბობდა, რომ ის მისი მეგობარია. ის ორბანთან დაკავშირებით ამბობდა, რომ მისი ეკონომიკური რეფორმები უნგრელი ხალხის კეთილდღეობაზე აისახა.

"ეკა კვესიტაძის გასაგონად, რომელიც არსებული [ბიძინა] ივანიშვილის ფონზე  აცხადებს, რომ თურმე, არ სურს ორბანი საქართველოში და რაღაცნაირად ჩემზე მიანიშნებს - ვიქტორ ორბანი ჩემი მეგობარია, ჩვენ ბევრ რამეში განვსხვავდებით, მაგრამ ორბანის დროს უნგრეთის ეკონომიკა გადაიქცა ევროპის ერთერთ ყველაზე სწრაფად მზად ეკონომიკად, რაც კეთილად აისახება თითოეული უნგრელის კეთილდღეობაზე. ბუდაპეშტში და სხვა ქალაქებში განხორციელდა ისტორიული ცენტრის აღდგენის სამუშაოები და დაიწყო მშენებლობის ბუმი, უფრო მეტი უნგრელი ბრუნდება, ვიდრე ტოვებს თავის ქვეყანას... ხო და, თუ არ გინდათ ორბანი, უყურეთ ივანიშვილს, ოღონდ სახლში წაიყვანეთ და ისე, საქართველოს კიდევ მიეცით განვითარების შესაძლებლობა!

ორბანით და სხვა მაგალითებით დაშინება ემსახურება მხოლოდ არსებული ჭაობის შენარჩუნებას და სწორედ ესაა ივანიშვილის თამაში და ყველას ვთხოვ, ნუ შეყვებით მას ამ თამაშში...". – ამბობდა სააკაშვილი. 

კომენტარები