ევროპარლამენტის რეზოლუცია

ხაბეიშვილი: ბატონო ბიძინა, თამაში დასრულებულია, ჩიხში ხართ, სასწრაფოდ შეასრულეთ რეზოლუცია

რუსულმა ოცნებამ არ დატოვა ევროპაში არცერთი მეგობარი, უპრეცედენტოდ მაღალმა რაოდენობამ მისცა ხმა ამ რეზოლუციას. საუბარია 577 ევროპარლამენტარზე. ეს ნიშნავს იმას, რომ რუსულ ოცნებას არათუ მეგობარი, დამლაპარაკებელიც კი აღარ დარჩა ევროპაში, რაც სახიფათოა ჩვენი ქვეყნისთვის.

ასევე, ამ რეზოლუციაში შავით თეთრზე წერია რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის შესახებ. წერია, რომ დაევალა ევროკომისიას, იმუშაოს სასწრაფოდ მის პირად სანქცირებაზე.

ბატონო ბიძინა, თამაში დასრულებულია. უმძიმეს რეალობაში იმყოფებით თქვენ, უმძიმეს რეალობაშია რუსული ოცნება და, ჩვენდა სამწუხაროდ, უმძიმეს მდგომარეობაში აყენებთ ჩვენს ქვეყანას.

შესაბამისად, სასწრაფოდ მოგიწოდებთ ევროპარლამენტის რეზოლუციის შესრულებისკენ... პარტიული კუთვნილებებისა და პოლიტიკური გემოვნების მიუხედავად, საქართველოს მოსახლეობის 80%-ს უნდა ევროკავშირში, რათა ქვეყანაში იყოს ეკონომიკური დოვლათი, თავისუფლება, დემოკრატია, უსაფრთხოება, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს ტერიტორიულად მთლიანი.

დიახ, უკრაინა როდესაც გაიმარჯვებს ამ ომში, ჩვენი იძულებით გადაადგილებული მოსახლეობა უნდა დაბრუნდეს თავიანთ სახლებსა და ოჯახებში. დიახ, ეს არის ისტორიული შანსი, როცა უკრაინის გამარჯვების პარალელურად, ჩვენი მეგობარი ევროპელები გვეუბნებიან, რომ გახდით ევროპული ოჯახის წევრი, გახდეს საქართველო ერთიანი, უფრო ძლიერი და ქვეყნის მოსახლეობა არ გარბოდეს ემიგრაციაში...

...არ არსებობს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ევროპული რეზოლუცია, სადაც საუბარია ქართველ მოღალატეზე, ქვეყნის ღალატზე, რომელიც ხელს უშლის ჩვენს სახელმწიფოს ევროპულ მომავალს და ეს არის ბიძინა ივანიშვილი. ისტორია უკვე დაწერილია, რეზოლუცია უკვე მიღებულია, შესაბამისად, არჩევანი არის ქართველ ხალხზე.

რეზოლუციაში ზუსტად წერია, რომ ივანიშვილი პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ ახორციელებს ვენდეტას და, შესაბამისად, ის ასრულებს კრემლის, პუტინის დავალებას. მოვუწოდებ მთავრობას, ქვეყნის საკეთილდღეოდ, სასწრაფოდ შეასრულეთ რეზოლუცია, სასწრაფოდ გადადგით გონივრული ნაბიჯები და თუ თქვენ ამას არ აკეთებთ, მინდა, დავპირდე ქართველ ხალხს და მოგიწოდოთ ყველას, ჩემო ძვირფასებო, შეუდრეკლებო, ჩემო მებრძოლო, პატრიოტო ქართველებო, ჩვენი ქვეყანა არის ჩვენი საბრძოლი. შესაბამისად, ჩვენს თანამებრძოლებთან ერთად, ჩვენს მეომარ პატრიოტ ქართველებთან ერთად, ვიბრძოლებთ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ჩვენი ევროპული მომავლისთვის.

ამიტომ, ეს პროტესტი, რაც დაწყებულია საქართველოს სხვადასხვა რეგიონსა და ქალაქში, გაგრძელდება ყველგან და, საბოლოო ჯამში, ჩვენი ევროპული მომავლისთვის თავს მოიყრის დედაქალაქში. ბატონო ბიძინა, თქვენც და რუსული ოცნებაც ხართ ჩიხში. ახლა ერთადერთი გამოსავალი ამ ჩიხიდან ამ რეზოლუციის შესრულებაა.

ენმ-ის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე, რომელიც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხება. ევროპარლამენტმა ასევე მიიღო შესწორება, რომელიც ბიძინა ივანიშვილის სანქცირების განხილვას ითხოვს.

კომენტარები