მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

სააკაშვილის გადაყვანა და ივანიშვილის სანქცირების განხილვა – ევროპარლამენტის რეზოლუცია

European Union

ევროპარლამენტმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო.

რეზოლუციის პროექტის დამტკიცებას მხარი 577-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 33 წინააღმდეგი იყო, 26-მა კი თავი შეიკავა.

აღსანიშნავია, რომ გუშინ გამოქვეყნებულ რეზოლუციის პროექტს დღეს დაემატა ევროპის სახალხო პარტიის (EPP) მიერ ინიცირებული შენიშვნა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის სანქცირების განხილვას ითხოვს.

მიღებულ შესწორებაში ხაზგასმულია, რომ "ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის ფუნდამენტურ როლს მიხეილ სააკაშვილის მიმდინარე პატიმრობაში, როგორც პირად შურისძიებაში; იმეორებს მოწოდებას [ევროპული] საბჭოსა და დემოკრატიული პარტნიორების მიმართ, განიხილონ ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესება, საქართველოს პოლიტიკური პროცესის დაზიანებაში მისი როლის გამო."

გარდა ამისა, როგორც რეზოლუციაში წერია, ევროპარლამენტი მიიჩნევს, რომ ისეთი პატიმრების მკურნალობა, როგორიც არის ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "ლაკმუსის ტესტია" საქართველოს მთავრობისთვის ევროპული ღირებულებებისა და მისი გაცხადებული ევროპული მისწაფებისთვის, მათ შორის, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისთვის.

ევროპარლამენტი საქართველოს ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდებს გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი. მიეცეს მას უფლება, მიიღოს სათანადო სამედიცინო მკურნალობა საზღვარგარეთ, როგორც ჰუმანიტარულ საფუძველზე, ასევე პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირებისთვის. [ევროპარლამენტი] მხედველობაში იღებს საქართველოს პრეზიდენტის ბოლო განცხადებას ევროპული რეფორმების დღის წესრიგში ქვეყნის პროგრესისა და მიხეილ სააკაშვილის საკითხის გადაჭრის თაობაზე, მოწოდებას ყველა მხარისთვის მიხეილ სააკაშვილის საკითხის გადაჭრის შესახებ და სთავაზობს მას, გამოიყენოს შეწყალების კონსტიტუციით მინიჭებული უფლება.

ამასთან, ევროპარლამენტი ახსენებს საქართველოს მთავრობას, რომელსაც პასუხისმგებლობა ეკისრება ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობასა და კარგად ყოფნაზე, მიაწოდოს მას ადეკვატური სამედიცინო მკურნალობა და პატივი სცეს მის ფუნდამენტურ უფლებას და პიროვნულ ღირსებას.

გარდა ამისა, ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროპულ საბჭოსა და ევროკომისიას, უფრო აქტიურად ჩაერთონ სააკაშვილის გათავისუფლებისა და საზღვარგარეთ საჭირო სამედიცინო მკურნალობის მიღების საქმეში.

რეზოულუციაში ხაზგასმულია, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გაუმჯობესების მუდმივი წარუმატებლობა დააზიანებს საქართველოს რეპუტაციას და შეზღუდავს ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მიღების პერსპექტივას. ამასთან, პატიმრობაში სააკაშვილის სიკვდილი დარტყმა იქნება საქართველოს დემოკრატიისთვის და ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციისთვის.

ევროპარლამენტი ხაზს უსვამს, რომ  უკვე არსებული პოლიტიკური პოლარიზაციის ფონზე, მიხეილ სააკაშვილის საკითხი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის განხეთქილებას მხოლოდ აღრმავებს და არყევს დემოკრატიული ინსტიტუტებისადმი საზოგადოების ნდობას.

გარდა ამისა, რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ სააკაშვილის საქმე ცხადყოფს სასამართლო სისტემის საფუძვლიანი რეფორმის იმპლემენტაციის აუცილებლობას.

კომენტარები