მიწისძვრა თურქეთში

"გადაიღეთ ჩემი შვილი" – ფოტოგრაფი კორპუსის ნანგრევებთან გადაღებული ფოტოს ისტორიას იხსენებს

თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ გავრცელდა ფოტო, რომელზეც ჩანს, როგორ უჭირავს მამას ნანგრევების ქვეშ მოქცეული 15 წლის ქალიშვილის ხელი. 

ფოტო ფოტოგრაფმა - ადემ ალთანმა გადაიღო, რომელიც 40 წელია ფოტოგრაფია. როგორც ის იხსენებს, მესუთ ჰანსერი სიცივეში მარტო იჯდა დამტვრეული აგურების გროვაზე, რომელიც ოდესღაც მისი სახლი იყო. ჰანსერი თითქოს გარე სამყაროს ვეღარ ამჩნევდა. 

ნანგრევებში მისი ქალიშვილი, ირმაკი მოყვა და დაიღუპა - ფოტოგრავი ყვება, რომ კაცი მისთვის ხელის გაშვებაზე უარს ამბობდა, ეფერებოდა თითებს, რომლებიც ნანგრევებიდან მოჩანდა. ნანგრევებში ჩანდა მხოლოდ ლეიბი, რომელზეც გოგონას მიწისძვრის დროს ეძინა.  

ირმაკი იმ 24 000 ადამიანიდან ერთ-ერთია, რომლის დაღუპვაც დადასტურებულია. 

ფოტოგრაფი იხსენებს, რომ კამერით 60 მეტრის მოშორებით დადგა, არ სურდა, მგლოვიარე მამისთვის ხელი შეეშალა, თუმცა, გაძევების ნაცვლად, მამამ დაუძახა:

"გადაიღეთ ჩემი შვილი".  - თქვა მან დაბალი, აკანკალებული ხმით.

"უსიტყვოდ დავრჩი". - იხსენებს ფოტოგრაფი.

მამას სურდა, მსოფლიოს ენახა მისი და მისი ერის მწუხარება. ასეც მოხდა.

AFP-ის ფოტო მრავალი გაზეთის, მათ შორის, Financial Times-ისა და Wall Street Journal-ის პირველ გვერდებზე აღმოჩნდა.

"როდესაც ფოტოებს ვიღებდი, ძალიან სევდიანი ვიყავი. საკუთარ თავს ვუმეორებდი: "რა დიდი ტკივილია", ცრემლებს ვერ ვიკავებდი". - იხსენებს ფოტოგრაფი.

ფოტოგრაფის თქმით, გამოლაპარაკება სცადა, თუმცა, არ შეეძლო ბევრი კითხვის დასმა - სიჩუმე აუცილებელი იყო, რათა დამხმარეებს გაეგოთ, იყვნენ თუ არა გადარჩენილები ნანგრევების ქვეშ.

ადემ ალთანმა კარგად იცოდა, რომ ეს ფოტო თურქეთის ტკივილს ზუსტად ასახავდა, თუმცა მას მაინც აკვირვებს ფოტოს გლობალური გავლენა. 

"ბევრმა მითხრა, რომ არასოდეს დაივიწყებენ ამ სურათს" - ამბობს ფოტოგრაფი.

კომენტარები