მიწისძვრა თურქეთში

მიწისძვრის შედეგად ჩამონგრეული 12 სართულიანი საცხოვრებელი კომპლექსის მეპატრონე დააკავეს

10 თებერვალს, თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ჰატაის პროვინციაში მიწისძვრის შედეგად დანგრეული საცხოვრებელი კომპლექსის - Renaissance Residence-ის მფლობელი  სტამბოლის აეროპორტში ქვეყნის დატოვების მცდელობისას დააკავეს.

ოფიციალური თურქული სააგენტო Anadolu-ს ცნობით, მეჰმედ იასარ ჩოსკუნი საბიჰა გოქჩენის აეროპორტში მონტენეგროში გამგზავრების მცდელობისას გააჩერეს.

მეჰმედ ჩოსკუნი სტამბოლის გაზიოსმანფაშას რაიონში მთავარი პროკურატურის ბრძანებით დააკავეს. მისთვის ოფიციალურად ბრალი ჯერ არ წაუყენებიათ. 

რენესანსის 12 სართულიანი კომპლექსი 250 აპარტამენტისგან შედგებოდა და ჰატაის ანტაკიის რაიონში მდებარეობდა. იგი რეკლამირებული იყო, როგორც ძვირადღირებული საცხოვრებელი პროექტი, რომელიც სამშენებლო რეგულაციებს შეესაბამება, თუმცა საცხოვრებელი კომპლექსი 7.8 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად მთლიანად ჩამოინგრა. 

ხუთშაბათს თურქეთის იუსტიციის მინისტრმა თქვა, რომ მიწისძვრის დროს ჩამონგრეული შენობების გამო გამოძიება დაიწყო. გამოძიება ეცდება, პასუხისგებაში მისცეს ისინი, ვინც ეს შენობები ააშენა და  პასუხისმგებლობა ეკისრება მათ ნგრევაზე. 

კომენტარები