კულტურის სამინისტრო

წულუკიანს დავა ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებულმა კიდევ ერთმა თანამშრომელმა მოუგო

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს, თეა წულუკიანს სასამართლოში დავა კიდევ ერთმა გათავისუფლებულმა თანამშრომელმა მოუგო. ნანა ბუაძე გიდი პედაგოგების მენეჯერის პოზიციაზე მუშაობდა. ინფორმაციას მისი შვილიშვილი, ადვოკატი დიტო ხვიჩია ავრცელებს. 

"მუზეუმის საქმეებზე დავას, პირადად ჩემთვის პრინციპული მნიშვნელობა კიდევ ერთი მიზეზის გამო ქონდა.

გათავისუფლებულ თანამშრომლებს შორის არის ბებიაჩემი, ნანა გაბრიჩიძე-ბუაძეადამიანი, რომელმაც 52 წელი იმუშავა თითქმის ყველა საფეხურზე ეროვნულ მუზეუმში და სრულიად არაკომპეტენტური, არაპროფესიონალი კომისიის მიერ, 15 წუთიანი “პროფესიული” გასაუბრების შემდეგ გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან.

დღეს სასამართლომ დააკმაყოფილა ჩვენი სარჩელი და დააკისრა ეროვნულ მუზეუმს, კომპენსაციის და იძულებითი განაცდურის გადახდა გადაწყვეტილების აღსრულებამდე". - დაწერა ხვიჩიამ.  

საქმეზე Justice League-ს იურისტები მუშაობდნენ. 

კულტურის მინისტრის თანამდებობაზე თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ ეროვნული მუზეუმიდან ათობით თანამშრომელი გაათავისუფლეს. სამინისტრო მიზეზად "რეორგანიზაციას" ასახელებს. გათავისუფლებული თანამშრომლების ნაწილმა საკითხზე კულტურის სამინისტროს სასამართლოში დავა მოუგო. 

17 იანვარს ეროვნული მუზეუმის დირექტორის მოადგილემ, თეონა ჯაყელმა თანამდებობა დატოვა. განცხადების მიხედვით, გადაწყვეტილების მიზეზი მუზეუმის ინსტიტუციურ განვითარებასა და საკადრო პოლიტიკაზე მისი და კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განსხვავებული ხედვებია.  

კომენტარები