რუსეთის საელჩო დიდ ბრიტანეთში იმუქრება, რომ თუ ლონდონი უკრაინას ავიაგამანადგურებლებს გადასცემს, ამას შედეგები ევროპის კონტინენტისთვისა და მთელი მსოფლიოსთვის მოჰყვება.
"გვსურს ოფიციალურ ლონდონს შევახსენოთ: ასეთ სცენარში, სწორედ მის სინდისზე იქნება მორიგი ესკალაციის "სისხლიანი მოსავალი", ასევე ამის შედეგად მიღებული სამხედრო-პოლიტიკური შედეგები ევროპის კონტინენტისთვისა და მთელი მსოფლიოსთვის". – ნათქვამია რუსეთის საელჩოს განცხადებაში.
საელჩოში ამბობენ, რომ რუსეთი დიდი ბრიტანეთის "ნებისმიერ არამეგობრულ ნაბიჯს" უპასუხებს.
აქამდე, 8 თებერვალს, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, რიში სუნაკმა უკრაინისთვის ავიაგამანადგურებლების გადაცემის შესაძლებლობა არ გამორიცხა.
"[ბრიტანეთის პოზიცია] ცხადია, როცა საქმე სამხედრო დახმარებას ეხება, გამორიცხული არაფერია... რაც შეეხება საბრძოლო საჰაერო ძალებს, რა თქმა უნდა, ამაზეც მიმდინარეობს საუბარი... ამიტომ გამოვაცხადეთ, რომ უკრაინის საჰაერო ძალებს NATO-ს სტანდარტის პლატფორმებისთვის გავწვრთნით". – თქვა სუნაკმა.
რიში სუნაკმა ევროპული წარმოების Typhoon-ის ტიპის ავიაგამანადგურებლებთან დაკავშირებით თქვა, რომ ეს თვითმფრინავები მაღალი სირთულის დანადგარებია და მათი გამოყენებისთვის პილოტების წვრთნას, შესაძლოა, 3 წელი დასჭირდეს. მან დაამატა, რომ უკრაინასთან ამ საკითხზე საუბრობენ.
როგორც BBC-ი წერს, ბრიტანეთის სამეფო საჰაერო ძალებს გააჩნია გარკვეული რაოდენობის თვითმფრინავები, მათ შორის Typhoon-ის ძველი წარმოების 20-მდე ერთეული, რომელთა უკრაინისთვის გადაცემაცაა შესაძლებელი.
აქამდე ცნობილი გახდა, რომ ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლასმა პრემიერისგან მიიღო ბრძანება, გადაეხედა, თუ რა თვითმფრინავების გადაცემა შეეძლო ქვეყანას უკრაინისთვის.
8 თებერვალს ვოლოდიმირ ზელენსკი დიდ ბრიტანეთში ჩავიდა. ვიზიტის ფარგლებში, ზელენსკიმ დიდი ბრიტანეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას დასავლელ მოკავშირეებს უკრაინისთვის ავიაგამანადგურებლების გადაცემისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.