ბადრი ესებუას დაკავება

ადვოკატი: ესებუას თქმით, დანაშაული არ ჩაუდენია და იმ დღეს საქართველოს ბანკში არ იმყოფებოდა

ბადრი ესებუა დანაშაულს არ აღიარებს. ინფორმაციას მისი ადვოკატი, სოსო ჯანაშია ავრცელებს. როგორც უფლებადამცველი მთავარ არხთან ამბობს, ესებუა ბანკში მომხდართან კავშირს უარყოფს. 

"მისი პასუხი ერთგვაროვანი და ცალსახაა. დანაშაულს არ აღიარებს. ამბობს, რომ მას საქართველოს ბანკთან მომხდარ ფაქტთან არაფერი აკავშირებს. მისი განმარტებით, არაფერი დანაშაული არ ჩაუდენია და იმ დღეს საქართველოს ბანკში არ იმყოფებოდა".- ამბობს ადვოკატი მთავარ არხთან საუბარში.

ადვოკატის თქმით, ესებუა ამბობს, რომ მომხდარის შემდეგ "ისეთი განცდა ჰქონდა, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა" და ამიტომ გაუჩინარდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2020 წლიდან ძებნილი ბადრი ესებუა 8 თებერვალს დააკავა. 

უწყების განცხადებით, იძულების, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების, ასევე, ტერორისტული აქტის და ტერორისტული მიზნით მოქალაქეების მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტებზე ძებნილი პირი სამეგრელოში დააკავეს. შსს წერს, რომ ბადრი ესებუას 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

"დაკავების ადგილიდან ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე, 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს" - აცხადებს შსს.


შეიარაღებული ტერორისტი საქართველოს ბანკის ფილიალში 2020 წლის 21 ოქტომბერს, დღისით შეიჭრა. მან ბანკის თანამშრომლები და ადგილზე მყოფი მოქალაქეები მძევლებად აიყვანა. მოგვიანებით ერთ-ერთი მძევალი, ირაკლი კვარაცხელია, თავდამსხმელის დავალებით, მედიას დაუკავშირდა. კვარაცხელიამ თქვა, რომ ოთახში, რომელშიც ბადრი ესებუასთან ერთად იმყოფებოდა, 19 მძევალი იყო. ის ასევე ჰყვებოდა, რომ თავდამსხმელი იყო "კბილებამდე შეიარაღებული" - მას ავტომატი, პისტოლეტი და ყუმბარა ჰქონდა, რომელსაც დამცველი მოხსნა და მუდმივად ხელში ეჭირა.

თავდამსხმელი მოითხოვდა, რომ სამართალდამცავებს მისთვის $500 000 გადაეცათ, ასევე, უზრუნველეყოთ მისი გადაადგილება ვერტმფრენით ან მანქანით, მძევლებთან ერთად. დაახლოებით, 22:00 საათზე, თავდამსხმელმა საქართველოს ბანკის მიმდებარე ტერიტორია დატოვა სამ მძევალთან ერთად – მათ შორის ერთ-ერთი იყო შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ავთანდილ გალდავა. სხვა მძევლები გათავისუფლდნენ. აქედან რამდენიმე საათის შემდეგ თავდამსხმელმა მასთან ერთად მყოფი სამი მძევალი გაათავისუფლა, თვითონ კი გაიქცა.

მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბადრი ესებუა ზუგდიდში თავდასხმის ღამესვე იყო იდენტიფიცირებული, ის დაკავებული ამ დრომდე არ იყო. მინისტრის მოადგილე, ვლადიმერ ბორცვაძე უარყოფს, რომ 2020 წელს დამნაშავე დააკავეს და ის გაიქცა. 

კომენტარები