მიწისძვრა თურქეთსა და სირიაში

უკრაინა თურქეთში 87-კაციან მაშველთა ჯგუფს გაგზავნის

უკრაინის მთავრობის ინფორმაციით, კიევი თურქეთში 87 მაშველს გაგზავნის

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თურქ ხალხს მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ უკრაინა თურქეთში ჰუმანიტარულ დახმარებასაც გაგზავნის. 

"გამოვხატე მწუხარება იმ ტრაგედიასთან მიმართებით, რომელიც თურქ ხალხს თავს დაარტყდა. [რეჯეფ თაიფ ერდოღანს] ვაცნობე, რომ უკრაინიდან თურქეთში მაშველთა ჯგუფი და ჰუმანიტარული დახმარება გაიგზავნება. ისინი მალე თურქეთის დაზარალებულ რეგიონებში იქნებიან". - წერს ზელენსკი. 

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან ახლოს 7.8 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად ორ ქვეყანაში დაღუპულთა რაოდენობამ 5 000-ს გადააჭარბა. მიწისძვრა 6 თებერვალს, ადგილობრივი დროით 04:17-ზე მოხდა, როცა მოსახლეობას ეძინა. მოგვიანებით, 13:30-ზე კიდევ ერთი, 7.5 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა, რომელიც ოფიციალური პირების თქმით, "არ იყო შემდგომი ბიძგები". 

თურქეთის კატასტროფების სააგენტოს ცნობით, ქვეყანაში პირველი მიწისძვრის შემდეგ მინიმუმ 3 419 ადამიანი დაიღუპა და 15 000-ზე მეტი დაშავდა. გარდა ამისა, გავრცელებული ინფორმაციით, სირიაში დაღუპულთა რიცხვი 1 600-ს აჭარბებს,

მაშველები ორივე ქვეყანაში ასობით შენობის ნანგრევებში ჩარჩენილი ადამიანების გადასარჩენად იბრძვიან. თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, ამ ეტაპზე შეუძლებელია იმის ვარაუდი თუ რამდენად გაიზრდება დაღუპულთა რაოდენობა.

კომენტარები