მიხეილ სააკაშვილი

უკრაინის საგარეო: ხელისუფლებამ სააკაშვილთან პოლიტიკური ანგარიშსწორება უნდა შეწყვიტოს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს განცხადებას, რომელიც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხება. განცხადებაში გამოთქმულია უკრაინული მხარის იმედგაცრუება.

"უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედგაცრუებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელიც უარს ამბობს დაიცვას უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნა, მისი კრიტიკული ჯანმრთელობის გამო გათავისუფლებასა და სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით.

სასამართლომ არ გაითვალისწინა ექიმების დასკვნა, მიხეილ სააკაშვილის ავადმყოფობის შესახებ. ასევე უარი თქვეს მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანაზე.

საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს უკრაინის მოქალაქესთან პოლიტიკური ანგარიშსწორება, უზრუნველყოს მისი უფლებების დაცვა და უკრაინას გადასცეს.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო გააგრძელებს უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის ინტერესების დაცვას, ის უნდა გათავისუფლდეს". – წერია განცხადებაში.


თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სასჯელისგან არ გაათავისუფლა. მოსამართლე გიორგი არევაძის გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილს სასჯელი არც გადაუვადდება. 

ექსპრეზიდენტის ადვოკატები ითხოვდნენ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაეშვათ. შალვა ხაჭაპურიძის თქმით, დაცვის მხარე საჩივარს ევროსასამართლოში გაგზავნის.

რამდენიმე თვეა, ექსპრეზიდენტი ამბობს, რომ მას ქართული პოლიტიკა აღარ აინტერესებს. იგივე განცხადებებს აკეთებენ მისი ოჯახის წევრები.

სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა დაწერა, რომ "ვერაფერი გამტეხავს!  ახლა გაბრაზების და ბრძოლის დროა! ყველა ძალის გაერთიანების დროა!  ჩვენ რუსეთზე გადასაცემი საქართველო არ გვაქვს!"

კომენტარები