პარლამენტი და მედია

"ჟურნალისტებს პარლამენტში, დერეფნებში დეპუტატების დევნა შეეზღუდებათ" – ვოლსკი

გიორგი ვოლსკი

ქართული ოცნების დეპუტატმა, გიორგი ვოლსკიმ პარლამენტში მედიის საქმიანობის შესახებ ახალი ბრძანება შეაფასა, რომელიც ჟურნალისტის აკრედიტაციის წესსა და საკანონმდებლო ორგანოში ქცევის წესებს განსაზღვრავს. ვოლსკის თქმით, ჟურნალისტებს პარლამენტის დერეფნებში დეპუტატების დევნა შეეზღუდებათ.

"რასაკვირველია, აქ არც ცენზურასა და არც სარედაქციო პოლიტიკის შესწორებაზე ლაპარაკი არ არის. ნებისმიერი დეპუტატი, რომელიც პასუხს არ გცემთ, შეგიძლიათ, თქვენებურად შეაფასოთ. პასუხის არ გაცემაც უკვე პასუხია, ეს ერთი. აქ ლაპარაკია მედიის წარმომადგენლების მოქმედებების შეზღუდვაზე, რაც პარლამენტში, დერეფნებში დეპუტატების დევნას გულისხმობს. პირდაპირი გაგებით დევნას, ფიზიკურ დევნას [...] რატომ გარბიხართ? ობიექტურ შეკითხვას რატომ ემალებით? - ეს ის სცენარია, რომელიც სადღაც წინასწარ იწერება, პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანების შემდეგ". - თქვა ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პარლამენტში მედიის საქმიანობის შესახებ ბრძანებას გამოსცემს. დოკუმენტი ჟურნალისტის აკრედიტაციის წესსა და საკანონმდებლო ორგანოში ქცევის წესებს განსაზღვრავს. იარსებებს ორი სახის აკრედიტაცია – საპარლამენტო ჟურნალისტისთვის და სპეციალური ერთდღიანი აკრედიტაცია იმ პირებისთვის, რომლებსაც პარლამენტში საქმიანობა დროებით დასჭირდებათ.

"ქცევის წესებს რაც შეეხება: ხელი არ შეუშალოს პარლამენტში მიმდინარე ღონისძიებების მსვლელობას; წინასწარი ნებართვის გარეშე არ გადაიღოს პარლამენტის წევრის ან აპარატის თანამშრომლის სამუშაო ოთახი; პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში შეწყვიტოს ინტერვიუ; პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან სტუმრად მყოფი პირის თანხმობის გარეშე არ გადაიღოს მისი დოკუმენტები, მისი ტელეფონის ან სხვა ელექტრონული მოწყობილობის ეკრანი ისე, რომ მასზე არსებული ინფორმაციის ან გამოსახულების აღქმა შესაძლებელი იყოს; არ დაუშვას მისი მხრიდან საქართველოს პარლამენტში მყოფი პირისადმი უხამსი, სექსისტური, დისკრიმინაციული მიმართვა ან მოქმედება; დაემორჩილოს სახელმწიფო დაცვის და მანდატურის მითითებებს, აკრედიტაცია ატაროს გამოსაჩენად და არ გადასცეს სხვა პირს“, – განაცხადა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე.

კომენტარები