პარლამენტი და მედია

უარის შემთხვევაში, შეწყვიტოს ინტერვიუ – პარლამენტში "ქცევის წესები" მედიისთვის

პარლამენტი
TV1

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პარლამენტში მედიის საქმიანობის შესახებ ბრძანებას გამოსცემს. დოკუმენტი ჟურნალისტის აკრედიტაციის წესსა და საკანონმდებლო ორგანოში ქცევის წესებს განსაზღვრავს. იარსებებს ორი სახის აკრედიტაცია – საპარლამენტო ჟურნალისტისთვის და სპეციალური ერთდღიანი აკრედიტაცია იმ პირებისთვის, რომლებსაც პარლამენტში საქმიანობა დროებით დასჭირდებათ.

შალვა პაპიაშვილის თქმით, "საქმიანობისა და ქცევის წესები" იმ მიზნით წესდება, რომ "უზრუნველყოფილი იყოს როგორც პარლამენტის, ისე მისი ვიზიტორებისთვის საქმიანი გარემო". პარლამენტის თავმჯდომარის მტკიცებით, ეს წესები სრულად ეფუძნება ევროპულ გამოცდილებას.

"ქცევის წესებს რაც შეეხება: ხელი არ შეუშალოს პარლამენტში მიმდინარე ღონისძიებების მსვლელობას; წინასწარი ნებართვის გარეშე არ გადაიღოს პარლამენტის წევრის ან აპარატის თანამშრომლის სამუშაო ოთახი; პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში შეწყვიტოს ინტერვიუ; პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან სტუმრად მყოფი პირის თანხმობის გარეშე არ გადაიღოს მისი დოკუმენტები, მისი ტელეფონის ან სხვა ელექტრონული მოწყობილობის ეკრანი ისე, რომ მასზე არსებული ინფორმაციის ან გამოსახულების აღქმა შესაძლებელი იყოს; არ დაუშვას მისი მხრიდან საქართველოს პარლამენტში მყოფი პირისადმი უხამსი, სექსისტური, დისკრიმინაციული მიმართვა ან მოქმედება; დაემორჩილოს სახელმწიფო დაცვის და მანდატურის მითითებებს, აკრედიტაცია ატაროს გამოსაჩენად და არ გადასცეს სხვა პირს“, – განაცხადა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმითვე, განისაზღვრება, რამდენი მედიაჯგუფი შეძლებს აკრედიტაციის მიღებას. კერძოდ, ეროვნულ მაუწყებლებს ექნებათ 7 გადამღები ჯგუფის აკრედიტაციის შესაძლებლობა, სხვა ტელევიზიებს – 3, ონლაინგამოცემებს -  4, გაზეთებს/ჟურნალებს, რადიოს – 2. შალვა პაპუაშვილის თქმით, იგულისხმება როგორც რეპორტიორი, ისე ოპერატორი, ფოტოგრაფი ან "სხვა ტექნიკოსი, რომელიც ახორციელებს ამ საქმიანობას".

მედიამ აკრედიტაციების შესახებ განაცხადი 20 თებერვლამდე უნდა წარადგინოს. ახალი წესი პირველი მარტიდან ამოქმედდება.

"იმედი მაქვს, ერთი მხრივ, საპარლამენტო ჟურნალისტის სტატუსი დაბრუნდება და აღიარებული იქნება, რაც მეტ პასუხისმგებლობასთან ერთად, პრესტიჟსაც მატებს საპარლამენტო ჟურნალისტიკას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები