პარლამენტი და მედია

ქარტია: მოვუწოდებთ პაპუაშვილს, გააუქმოს აკრედიტაციის ახალი წესი – მედიის მუშაობას შეზღუდავს

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ეხმიანება პარლამენტის ახალ ბრძანებას, რომელიც ჟურნალისტის აკრედიტაციის წესსა და საკანონმდებლო ორგანოში ქცევის წესებს განსაზღვრავს.

ქარტია პარლამენტის თავმჯდომარეს მოუწოდებს, არ დაუშვას, რომ საფრთხე შეექმნას დემოკრატიის ისეთ პრინციპებს, როგორიცაა  ანგარიშვალდებულება, საჯაროობა და ღიაობა და გააუქმოს მიღებული ბრძანება, რომელიც გამოიწვევს ფორმალურ დაბრკოლებებს და საქმიანობის შეზღუდვას მედიისთვის.

"საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისთვის მიუღებელია დაინტერესებულ პირებთან კონსულტაციების გარეშე აკრედიტაციის წესის დამტკიცება და მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე ძალაში შესვლა. მით უფრო, რომ აღნიშნული დოკუმენტი განსაზღვრავს არა მხოლოდ აკრედიტაციასთან დაკავშირებულ საკითხებს, არამედ, აკრედიტებული ჟურნალისტის ვალდებულებებს".- აცხადებს ქარტია. 

ახალი წესის თანახმად, აკრედიტებული ჟურნალისტის სხვა უფლება-მოვალეობებთან ერთად, მითითებულია შემდეგი:

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული სხდომის ვიდეო- და ფოტოგადაღება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ სხდომის თავმჯდომარის თანხმობით, მის მიერ მედიასაშუალებათა წარმომადგენლებისთვის გამოყოფილი ადგილიდან.

ჟურნალისტი ვალდებულია საქართველოს პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში შეწყვიტოს ინტერვიუ.

გარდა ამისა, ახალი წესის მიხედვით, ცალკეულ შემთხვევებში, საქართველოს პარლამენტში გასამართი "ღონისძიების სპეციფიკურობიდან ან უსაფრთხოების რეჟიმიდან" გამომდინარე, აპარატის უფროსის გადაწყვეტილებით შეიძლება შეიზღუდოს აკრედიტებულ ჟურნალისტთა პარლამენტში დაშვება, გადაადგილება ან მათი ტექნიკის გარკვეულ ადგილებში განლაგება. თუმცა დოკუმენტში არ არის მითითებული, რა შემთხვევაშია ღონისძიება "სპეციფიკური" ან როგორ განისაზღვრება "უსაფრთხოების რეჟიმი". ამ და სხვა წესების დარღვევის შემთხვევაში, ჟურნალისტს შეიძლება შეუჩერდეს აკრედიტაცია ერთი თვით, ხოლო დარღვევის განმეორების შემთხვევაში — 6 თვით.

"შესაბამისად, ეს ქმნის საფრთხეს, რომ მედიის შეზღუდვის მიზნით, პარლამენტის აპარატმა ჩანაწერი შეიძლება განმარტოს თავისი შეხედულებისამებრ.  საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიიჩნევს, რომ იმ ფონზე, როდესაც მედიისთვის ფაქტობრივად შეუძლებელია საჯარო ინფორმაციის მიღება და მმართველი პარტიის წარმომადგენლები შერჩევითად აძლევენ ინტერვიუს მედიასაშუალებებს, მსგავსი რეგულაციების დაწესებით შეუძლებელი გახდება ინფორმაციის მოპოვება და საზოგადოებისთვის მიწოდება".- აღნიშნულია განცხადებაში. 

კომენტარები