რუსეთის პატრიარქი კირილი

შვეიცარიული მედია: 1970-იან წლებში რუსეთის პატრიარქი კირილი ჟენევაში КГБ-სთვის მუშაობდა

პატრიარქი კირილი

რუსეთის პატრიარქი კირილი (ვლადიმირ გუნდიაევი) 1970-იან წლებში შვეიცარიაში КГБ-სთვის მუშაობდა და სადაზვერვო საქმიანობას იყო ჩართული. შესაბამის ინფორმაციას შვეიცარიული გამოცემები Sonntags Zeitung ავრცელებს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, მათ მოიპოვეს წვდომა შვეიცარიის ეროვნულ არქივებზე და შვეიცარიის პოლიციის არქივში დაცული დოკუმენტები ადასტურებს, რომ რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ხელმძღვანელი, კირილი КГБ-სთვის მუშაობდა.

გამოცემა წერს, რომ მედია გაეცნო პოლიციის არქივში დაცულ, 1969 წლის ივლისიდან 1989 წლის დეკემბრის ჩათვლით დათარიღებულ 37 დოკუმენტს. მათი დიდი ნაწილი ვიზებს და კირილის შვეიცარიაში შესვლას ეხება. ამავე დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ კირილი იმ საბჭოთა ფუნქციონერებს შორის იყო, რომელთა მიმართაც "გარკვეული ზომები მიიღეს", თუმცა, რა სახის ზომებზეა საუბარი, დაკონკრეტებული არ არის.

კირილი ჟენევაში 1970-იანი წლების დასაწყისში ცხოვრობდა და ოფიციალურად ის ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში (WCC) რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენელი იყო. გამოცემის ცნობით, კირილის მისია საბჭოზე გავლენის მოხდენა იყო. მისი ოპერატიული ფსევდონიმი კი "მიხაილოვი" იყო.

ამასთან, როგორც გამოცემა აღნიშნავს, გერმანელი თეოლოგი გერჰარდ ბესიერი თავის წიგნში წერს, რომ 1970-იან და 1980-იან წლებში КГБ-ს სურდა გავლენა მოეხდინა ეკლესიათა მსოფლიო საბჭოზე, რათა მას თავი შეეკავებინა სსრკ-ში რელიგიური თავისუფლების შეზღუდვის კრიტიკისგან და ამის ნაცვლად გაეკრიტიკებინა აშშ და მისი მოკავშირეები.

გამოცემა ხაზგასმით აღნიშნავს, კირილი ჟენევაში, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის ტაძარში ქადაგებდა, რომელსაც დღესდღეობით მისი ძმისშვილი (მიხაილ გუნდიაევი) ხელმძღვანელობს. ამავდროულად, მიხაილ გუნდიაევი ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენელის პოსტს იკავებს.

ზემოხსენებულ ცნობებთან დაკავშირებით, მიხაილ გუნდიაევმა შვეიცარიულ გამოცემა Le Matin Dimanche-თან აღნიშნა, რომ მისი ვარაუდით კირილი აგენტი არ იყო, თუმცა "КГБ-ს მკაცრი კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა".

გამოცემა ასევე დაუკავშირდა, რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიას, თუმცა, მათ კირილის აგენტობასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება არ ისურვეს, ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში კი აღნიშნავენ, რომ მათ ზემოხსენებულ საქმეზე ინფორმაცია არ აქვთ.

კომენტარები