საქართველოს მთავრობა

ღარიბაშვილი იმპორტიორებზე: არ შეიძლება ხალხის ხარჯზე გამდიდრება, პროდუქტზე 100%-იანი ფასნამატია

რადიო თავისუფლება

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, კონკურენციის სააგენტომ მთავრობის დავალებით ძირითადი სასურსათო პროდუქტების ბაზარი შეისწავლა და დადგინდა, რომ იმპორტიორები პროდუქტებს თითქმის 100%-იანი ფასნამატით ყიდიან.

"დავამუშავებინე ძირითადი პროდუქტები და აღმოჩნდა, რომ ბრინჯი იქნება, წიწიბურა, მაკარონი, შაქარი, მარილი თუ ზეთი, საბითუმო ფასებზე 50-80%-ია ფასნამატი. რა თქმა უნდა, ამას შემდეგ ემატება საცალო ფასნამატი – მინიმუმ 25-30%. გამოდის, რომ ჯამში ჩვენს მოსახლეობას უწევს თითქმის 100%-იანი ფასნამატით ამ პროდუქტების შეძენა, რაც, რა თქმა უნდა, კატეგორიულად მიუღებელია". – თქვა ღარიბაშვილმა.

პრემიერმინისტრმა ეკონომიკის, ფინანსთა და სოფლის მეურნეობის მინისტრებს სამუშაო ჯგუფის შექმნა, მსხვილ იმპორტიორებთან შეხვედრა და მაღალ ფასებზე საუბარი დაავალა.

"მე აქ ვხედავ ძალიან დიდ პოტენციალს. სამწუხაროდ, არ არის სწორი მიდგომა იმპორტირების მხრიდან. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენს ამ მოწოდებას და მიმართვას ანგარიშს გაუწევენ. არ შეიძლება ხალხის ხარჯზე ასეთი გამდიდრება. არასწორი საქციელია. რაც არის გონივრული პროცენტები და მარჟები, იმ ფარგლებში უნდა იყოს ეს ყველაფერი დარეგულირებული". – თქვა ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

პრემიერმინისტრმა ასევე ისაუბრა ნავთობის ბაზარზეც და თქვა, რომ 1 ლიტრ საწვავზე 80-თეთრიანი და 1-ლარიანი ფასნამატი მიუღებელია. ღარიბაშვილმა მინისტრებს ამ შემთხვევაშიც იგივე დავალება მისცა, და ნავთობის მსხვილ იმპორტიორებთან საუბრისკენ მოუწოდა.

ღარიბაშვილმა სურსათის ბაზარზე იმპორტიორების მოგების მარჟა მედიკამენტების იმპორტიორთა მოგებას შეადარა და თქვა, რომ მთავრობის პოლიტიკამ მედიკამენტების გაიაფება უკვე გამოიწვია.

კომენტარები