ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

მელია: ენმ-ში ფაქტობრივად გაუქმდა პოლიტსაბჭოს, პარტიის საკონონმდებლო ორგანოს არჩევითობა

ნიკა მელია
REUTERS/Zurab Tsertsvadze

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია პარტიის ყრილობას გამოეხმაურა, რომელიც დღეს, 5 თებერვალს გაიმართა. მელიას თქმით, დღეს ენმ-ში ფაქტობრივად გაუქმდა პოლიტსაბჭოს, პარტიის საკონონმდებლო ორგანოს არჩევითობა.

"ის შემთხვევაა, როდესაც ჩემი მოლოდინის გამართლებასა და დღეს ჩატარებულ ყრილობასთან დაკავშირებით, მხოლოდ წუხილი შემიძლია გამოვხატო. იმ ყრილობასთან დაკავშირებით, რომელზეც თავადვე გააუქმეს არჩევნების შედეგები, რომლითაც მართვაში მოვიდნენ და ამომრჩევლის 40%-ზე მეტს პარტიის მართვაში მონაწილეობაზე უარი უთხრეს პოლიტსაბჭოში წარმომადგენლის ყოლასა და მათი აზრის გათვალისწინებაზე. ტექნიკური ყრილობის დასაწყისში ამომრჩეველს პარტიულ გადაწყვეტილებებში მაქსიმალურ ჩართულობას ჰპირდებოდნენ და ზუსტად ერთ საათში, მავანისგან ზედმიწევნით ნასწავლ "გასაოცარ დემოკრატიასთან" მივიდნენ....ერთობაზე ისაუბრეს და ყოველ ნაბიჯზე განხეთქილება დათესეს, რომელიც ბოლო ორ თვეში გადადგეს. მიშაზე ისაუბრეს და მიშასთან დაკავშირებული ყველა საკითხი, უადგილო და უდროო აქტივობებით გადაფარეს. ერთგულებასა და ნაციონალური მოძრაობის 22-წლიან ტრადიციაზე ისაუბრეს და მიშას უახლოესი თანამებრძოლები საკუთარი "მეგობრებით" ჩაანაცვლეს. ყოველივე ეს არა მხოლოდ ნათქვამი სიტყვის ფასზე, არამედ, ამ გაუფასურებული სიტყვის მიღმა არსებულ მიზნებზე მეტყველებს. ჩრდილოვანი მართვა ყველგან ერთნაირია - მიუხედავად იმისა, ვინ მართავს, ან რა მიზნით ხსნის მსგავსი ტიპის მართვის საჭიროებას. ჩრდილოვანი მმართველი, მოდის ემოციური დაპირებით დაცლილი რაციონალიზმისა და პრაგმატიზმისაგან და დემოკრატიით მოსული ამყარებს ავტოკრატიას. დღეს ნაციონალურ მოძრაობაში ფაქტობრივად გაუქმდა პოლიტსაბჭოს, პარტიის საკონონმდებლო ორგანოს არჩევითობა - ყრილობის მიერ, რომელსაც ორგანიზატორები "მცირესა და ტექნიკურს" უწოდებდნენ. გაუქმდა რამდენიმე, ფარდის მიღმა მყოფი ადამიანის გადაწყვეტილებით, ისე რომ მარტამდე მოქმედი პოლიტსაბჭოს ფორმალური ინფორმირებაც კი არ მომხდარა. ისე რომ "ტექნიკური ყრილობის" მონაწილეებმაც კი არ იცოდნენ კრების მიერ, სადაც 335 დელეგატის შერჩევა თავად მოახდინეს - დამტკიცდა პოლიტსაბჭოს შედგენის წესი, სადაც ფაქტობრივად არაფერი რჩება არჩევითი ან ასარჩევი. თუმცა, ამ ნაჩქარევი გადაწყვეტილებების განხორციელებისას სამწუხაროდ ავიწყდებათ - პარტია არის ღირებულება, იდეური ერთობა, თანაბრძოლა და თანადგომა, სვლა გამარჯვებისკენ წინ და არა უკან. ღირსება და სიმართლე არც სკამს და თანამდებობას მოჰვება, არც ფულზე იყიდება, არც ქირავდება, არც ხურდავდება და რაც მთავარია, არასდროს მარცხდება". - წერს მელია სოციალურ ქსელში.

ნიკა მელია ნაციონალური მოძრაობის ახალი პოლიტსაბჭოს სიაში არ შეიყვანეს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რიგით მე-10 ყრილობა გაიმართა, სადაც პარტიის ახალი თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი უკვე ოფიციალურად აირჩიეს. ყრილობაზე ასევე აირჩიეს გენერალური მდივანი, ის კვლავ პეტრე ცისკარიშვილი გახდა. კობა ნაყოფია კი პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტზე ლევან ბეჟაშვილმა შეცვალა.

მას შემდეგ რაც არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა, კობა ნაყოფიამ, გიორგი პატარაიამ, აკო მინაშვილმა და ბაჩო დოლიძემ პარტიული თანამდებობები დატოვეს. ასევე, ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის პოსტი დატოვა გიორგი კირთაძემ. 

 

კომენტარები