ოპოზიცია

ვაშაძე: არაფერი შეცვლილა, 3 პარტიის ფორმატი ისევ ჩვეულ რეჟიმში მუშაობს

სტრატეგია აღმაშენებლი

"არაფერი არ შეცვლილა, 3 პარტიის ფორმატი ისევ ჩვეულ რეჟიმში მუშაობს" – ასე ეხმაურება სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებას "დიდი ოპოზიციური ერთობის" გადადებასთან დაკავშირებით.

"დიდი სპეკულაციები დაიწყო და ძლიან ვწუხვარ, რომ არასწორად გავრცელდა ინფორმაცია. ზურამ თვითონ გააკეთა განცხადება. არაფერი არ შეცვლილა, 3 პარტიის ფორმატი ისევ ჩვეულ რეჟიმში მუშაობს. [...] ნამდვილად არაფერი არ შეცვლილა. რაც შეეხება დიდ ერთობას, დავუბრუნდებით მაშინ, როცა ამის რეალური გარემოებები იქნება. ხვალ არც არჩევნებია და არც რამე კონკრეტული არ არის.

[...] სამოქმედო გეგმა როგორც გვქონდა დროასთან და გირჩთან ერთად, ისევე გვექნება. მე, ზურა და ელენე, სამივე აქ ვართ და ყველა ჩასაფრებულ ადამიანს, რომელმაც რაღაც ზარ-ზეიმი შემოსცხო, მინდა ვუთხრა, რომ ტყუილად გაგიხარდათ, ან რატომ გიხარიათ, ესეც არ ვიცი. არაფერი არ იცვლება". – თქვა ვაშაძემ.

ზურაბ ჯაფარიძემ 3 თებერვალს თქვა, რომ "დიდი ოპოზიციური ერთობის" საკითხს 2024 წელს დაუბრუნდებიან. მისი თქმით, იქამდე, მეტ ძალისხმევას გაწევენ საკუთარი პარტიის გასაძლიერებლად. მისივე სიტყვებით, სტრატეგია აღმაშენებელთან და დროასთან კოორდინაცია გაგრძელდებოდა.

4 თებერვალს ჯაფარიძემ დაწერა, რომ "არსად გასულა" და "არანაირი განხეთქილება" ბუნებაში არ არსებობს, იგივე გაიმეორა ელენე ხოშტარიამაც.

2 თებერვალს პარტიის წევრმა, ცოტნე კობერიძემ განაცხადა, რომ მისი და მისი პარტიის გადაწყვეტილება მკაფიოა – "გირჩი ვაპირებთ, ვიყოთ გირჩი". ამის შემდეგ, გირჩი – მეტი თავისუფლების კიდევ ერთმა წევრმა, ბორის ყურუამ დაწერა, რომ "რაღაც საკითხებში ჩვენკენ მყოფ ხალხთან ვითანამშრომლებთ და დავეხმარებით ერთმანეთს, ასეთი ამბავია 24 თებერვლის აქცია მაგალითად. მაგრამ არჩევნებზე ერთად გასვლა, ერთი პოლიტიკური ქოლგის ქვეშ გაერთიანება და ა.შ. არ განიხილება".  

სტრატეგია აღმაშენებელი, გირჩი-მეტი თავისუფლება და დროა "ევროკავშირის სტატუსის მისაღებად და დეოლიგარქიზაციის მიზნით" კოორდინაციასა და ერთობლივ თანამშრომლობაზე გასული წლის ოქტომბერში შეთანხმდა. პარტიების ლიდერები აცხადებდნენ, რომ გაერთიანების გარეშე ქართული ოცნების რეჟიმის დამარცხება "უკიდურესად რთულია" და "სხვებიც ნახავენ, რომ სხვა ალტერნატივა არ არსებობს".

კომენტარები