საქართველო-ევროკავშირი

ბოკერია EU-ს ანგარიშზე: რეჟიმი სტატუს-კვოს მხარდამჭერებისთვის ხავსს ტოვებს, თითქოს მუშაობენ

ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია საქართველოს შესახებ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს ეხმაურება და ამბობს, რომ ქართული ოცნება სტატუს-კვოს მხარდამჭერი მოქალაქეებისთვის "ხავსს ტოვებს, თითქოს რაღაც დადებითი მოხსენება იყო და მუშაობენ".

"ეს რეჟიმი აგრძელებს და ცდილობს, რომ შეინარჩუნოს ისევ ის ბუნდოვანება – ერთი მხრივ, ფუნდამენტურად ანტიდასავლურ, ანტიქართულ პროპაგანდას ეწევა, თითქოს ომი უნდა დასავლეთს საქართველოში და ჩვენ უნდა ჩავწვეთ, რაც დამღუპველია ჩვენთვის და მეტ სისხლისღვრას მოიტანს, თუ არ შევცვალეთ.

მეორე მხრივ, იმ საზოგადოებისთვის, რომელსაც მყარი პროდასავლური შეხედულებები აქვს, მაგრამ სტატუს-კვოს უჭერს მხარს, რაღაც ხავსს ტოვებს, თითქოს რაღაც დადებითი მოხსენება იყო და მუშაობენ, მაგრამ ოპოზიცია უშლით ხელს". – თქვა ბოკერიამ.

ევროპული საქართველოს თავმჯდომარე ამბობს, რომ ხელისუფლების ანტიდასავლური რიტორიკის გამო დასავლეთი დღეს საქართველოს პუტინის ბანაკში ხედავს.

"არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ ეს სიცრუეები, რაც წლების განმავლობაში გაუვიდათ, ახლაც გაუვიდეთ. ეს გზა, ვითომ ბალანსი, რეალურად ჩვენი ქვეყნის მომავლის დაღუპვაა. ის, რასაც აკეთებენ დასავლური სამყაროს დემონიზებისთვის არის პირდაპირ საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედებაეს გამოიხატება ყველა მიმართულებით – იმაში, რომ დღეს დასავლეთი გვხედავს პუტინის ბანაკში, რითიც არ უნდა ახსნან ეს, ეგ უკვე კატასტროფაა ქვეყნისთვის, იმიტომ, რომ საქართველო რჩება დაუცველი, თუ ის იზოლირებულია დასავლეთისგან. თუ ეს რეჟიმი არ შევცვალეთ და არ ამოვედით ამ ჭაობიდან, ჩვენ გველის 90-იანების ბედი, როდესაც დასუსტებულმა რუსეთმაც კი გადაგვიარა და გენოციდი მოგვიწყო". – თქვა ბოკერიამ.

3 თებერვალს ევროკომისიამ საქართველოზე ანალიტიკური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტი ქვეყნის მიერ ევროკავშირის წევრობის განაცხადს ეხება და შეფასებულია, რამდენად შეუძლია ქვეყანას ვალდებულებების შესრულება. ანგარიში ეფუძნება 2022 წლის გაზაფხულზე საქართველოსთვის გადაცემული ევროკავშირის კითხვარის პასუხებს.

დოკუმენტის თანახმად, საქართველოს EU-ს საგარეო პოლიტიკასთან თანხვედრისთვის დამატებითი ძალისხმევა სჭირდება. ევროკომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ვალდებულებების განსახორციელებლად მომზადების გარკვეული დონე აქვს მართლმსაჯულების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების სფეროში. ხაზგასმულია, რომ მოქმედებს ტერორიზმთან და მიგრაციასთან ბრძოლის სტრატეგიები. კანონმდებლობა ზოგიერთ სფეროში, განსაკუთრებით უცხოელთა და თავშესაფრის საკითებზე, ევროკავშირის კანონებს შეესაბამება, მაგრამ "ინსტიტუციური კოოპერაცია და კოორდინაცია სუსტია, შესაბამისად, იმპლიმენტაცია ზოგჯერ არადამაკმაყოფილებელია".

კომენტარები