აშშ-ფილიპინები

ჩინეთ-ტაივანის დაძაბულობის ფონზე, აშშ ფილიპინებში სამხედრო წარმომადგენლობას გაზრდის

ამერიკული ხომალდი USS Blue Ridge-ი მანილას ყურეში, ფილიპინებში. 2019 წლის 13 მარტი.
Bullit Marquez/AP

აშშ ფილიპინებში სამხედრო წარმომადგენლობას გაზრდის. ამის შესახებ მხარეებმა 2 თებერვალს აშშ-ს თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის ფილიპინებში ვიზიტის დროს გამოაცხადეს.

აშშ სამხედროებს წვდომა ექნებათ სამხრეთ აზიაში მდებარე ქვეყნის კიდევ ოთხ ბაზაზე, რაც ჩინეთის შეკავებისთვის დამატებითი საშუალებაა. ამას გარდა, ოსტინის ვიზიტის დროს განაცხადეს, რომ იმ ხუთ სამხედრო ბაზაზე, სადაც ამერიკული ძალები უკვე იმყოფებოდნენ, მნიშვნელოვანი პროექტები შესრულდა.

ლოიდ ოსტინმა ფილიპინების პრეზიდენტს, ფერდინანდ მარკოს უმცროსს ახალ ბაზებზე წვდომის უზრუნველყოფისთვის მადლობა გადაუხადა.

სამხედრო გაფართოება ტაივანსა და ჩინეთს შორის დაძაბულობის ზრდის ფონზე ხდება. ჩინეთს ტერიტორიული უთანხმოება ფილიპინებთანაც აქვს. 

"ჩვენ განვიხილეთ კონკრეტული ქმედებები წყლებში დესტაბილიზაციური აქტივობების საწინააღმდეგოდ. ეს არის ჩვენი ძალისხმევის ნაწილი, რომ ჩვენი ალიანსი თანამედროვე გავხადოთ და ეს ძალისხმევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როცა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა დასავლეთ ფილიპინების ზღვაში კვლავ უკანონო პრეტენზიები აქვს". – თქვა აშშ-ს თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა ფილიპინელ კოლეგასთან შეხვედრის დროს.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ს "ეგოისტურ დღის წესრიგში" ადანაშაულებს. 

აშშ-სა და ფილიპინებს შორის ურთიერთთავდაცვის შეთანხმება 1951 წელს გაფორმდა და მხარეებს ავალდებულებს წყნარი ოკეანის მასშტაბით ხელმომწერმა მხარეებმა ერთმანეთის იურისდიქციის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე, შეიარაღებულ ძალებზე, გემებსა და თვითმფრინავებზე თავდასხმის შემთხვევაში ერთად იმოქმედონ.

კომენტარები