მიხეილ სააკაშვილი

სახელმწიფო დეპარტამენტი: მთავრობის პასუხისმგებლობაა, სააკაშვილს ღირსეულად მოეპყროს

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის თქმით, ამერიკის დიპლომატიური უწყება ყურადღებით აკვირდება ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და მთავრობის პასუხისმგებლობაა, სააკაშვილს ღირსეულად და სამართლიანად მოეპყროს. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკის ხმა ავრცელებს.

"ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ მოპყრობას. როგორც უკვე ვთქვით, საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა მოეპყროს ბატონ სააკაშვილს სამართლიანად და ღირსეულად, მათ შორის, დამოუკიდებელი სახალხო დამცველის სამედიცინო ექსპერტების რეკომენდაციის შესაბამისად, ყველა საჭირო სამედიცინო და ფსიქოლოგიური მკურნალობის გაწევით". - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის წერილობით განმარტებაში.

1 თებერვალს მიხეილ სააკაშვილი საკუთარ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩაერთო. მან საზოგადოებას ქართულ და უკრაინულ ენებზე მიმართა. საუბრის დასრულების შემდეგ, სააკაშვილმა მაისური აიწია და ხალხს აჩვენა, როგორ გამოიყურება ის ფიზიკურად. ამის შემდეგ, ჩართვა შეწყდა. 

იმავე დღეს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ავსტრიის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ვან დერ ბელენთან ერთად კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ მას მიხეილ სააკაშვილის ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი ფოტოები აჩვენეს და მისივე განცხადებით, ის თვლის, რომ საქართველოს მთავრობა ქვეყნის ექსპრეზიდენტს ნელ-ნელა კლავს. ზელენსკი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს ყოველდღიურად, საჯაროდ აწამებენ. 

გუშინ, 2 თებერვალს ევროპარლამენტში მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ სპეციალური სხდომა გაიმართა, სადაც ევროპარლამენტარებმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესებასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვეს.

კომენტარები