რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

WSJ: ამერიკული კომპანია უკრაინას MQ-9 Reaper-ის დრონებს $1-ად სთავაზობს, წინასწარი პირობით

MQ-9 Reaper-ის ტიპის დრონი
U.S. Air Force photo/Staff Sgt. Brian Ferguson

აშშ-ს გამოცემა The Wall Street Journal-ი წერს, რომ იარაღის მწარმოებელი ამერიკული კომპანია უკრაინის მთავრობას MQ-9 Reaper-ის ტიპის ორი უპილოტო საფრენი აპარატის 1 დოლარად მიყიდვას სთავაზობს. მსგავს შეთანხმებაზე საჭირო იქნება თეთრი სახლის დასტური.

შეთანხმება, რომელიც შესაძლოა გაფორმდეს, კიევისგან მოითხოვს, რომ $10 მილიონი საფრენი აპარატის ტრანსპორტირებისთვის და ყოველ წელს $8 მილიონი ორივე დრონის შენახვისთვის გამოყონ.

The Wall Street Journal-ის ცნობით, მათ მიერ ნანახ წერილში ეწერა, რომ შეთანხმება მოიცავს მიწაზე განსათავსებელ საკონტროლო სადგურსაც, რომლიდანაც დრონების მართვა შორ მანძილზე იქნება შესაძლებელი. შეთავაზება ვაშინგტონში უკრაინის თავდაცვის ატაშეს დრონების მწარმოებელი კომპანიის, General Atomics-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლინდენ ბლუმ წაუყენა.

General Atomics-ი დრონებს პირდაპირ უკრაინის მთავრობას სთავაზობს და არა აშშ-ს მთავრობის შუამავლობით, თუმცა მათი კიევისთვის გადაცემას თეთრი სახლის დასტური მაინც სჭირდება.

თეთრ სახლსა და უკრაინის მთავრობაში WSJ-სთან კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვეს.

General Atomics-ის წარმომადგენელმა კონკრეტულ შეთანხმებაზე კომენტარი არ გააკეთა, თუმცა აღნიშნა, რომ უკრაინას Reaper-ის მსგავსი შესაძლებლობები საჩქაროდ ესაჭიროებათ.

"General Atomics-ი უკრაინის შეიარაღული ძალების საჭიროებებს მთავრობასთან მრავალი თვის განმავლობაში განიხილავდა და რჩება მათთვის ნებისმიერი შესაძლებელი გზით დახმარების მიმართ ერთგული". – თქვა General Atomics-ის წარმომადგენელმა.

MQ-9 Reaper-ს ფრენა 24 საათზე მეტ ხანს შეუძლია. შესაძლებელია მისი რაკეტებით შეიარაღება, ასევე მისი სადაზვერვო მიზნებით გამოყენება.

Reaper-ების გარდა General Atomics-ი აწარმოებს Gray Eagle-ებსაც, რომელთა უკრაინისთვის გადაცემასაც თეთრი სახლი ბლოკავს.

კომენტარები