რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინელი ტანკისტები წვრთნებისთვის დიდ ბრიტანეთში ჩავიდნენ

Challenger 2-ის ტანკი დიდ ბრიტანეთში სამხედრო აღლუმზე

უკრაინელი ტანკისტები წვრთნებისთვის დიდ ბრიტანეთში ჩავიდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

"დიდი ბრიტანეთი უკრაინას მოკავშირეებთან ერთად Challenger 2-ის ტანკებს გადასცემს, რაც საერთაშორისო დონეზე უკრაინის მხარდაჭერის სიძლიერის დემონსტრირება იქნება". - წერია სამინისტროს განცხადებაში. 

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინაში 14 Challenger 2-ს გაგზავნიდა. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის დეპარტამენტის მინისტრის, ალექს ჩალკის თქმით, ლონდონი იმედოვნებს, რომ უკრაინისთვის განკუთვნილი Challenger 2-ის ტიპის ტანკები დანიშნულების ადგილზე მარტის ბოლომდე ჩავა.

25 იანვარს აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინას Abrams-ის ტიპის 31 ტანკსა და შესაბამის ნაწილებს გაგზავნის. აქამდე, გერმანიამაც დაადასტურა, რომ უკრაინას Leopard 2A6-ის ტიპის 14 ტანკს გადასცემს და პარტნიორ ქვეყნებს საკუთარი წარმოების ტანკების ექსპორტის უფლებას მისცემს. უკრაინისთვის ტანკების გადასაცემად სხვა ევროპული ქვეყნებიც ემზადებიან.

კომენტარები