ენმ

მამულაშვილი: რევოლუცია უნდა დაიწყოს პარლამენტთან, ოცნებას მხოლოდ ამის ეშინია

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობის კანდიდატის ნანა მამულაშვილის თქმით, დღევანდელ რეალობაში ცვლილებების მომტანი მხოლოდ რევოლუციაა, "რომელიც შეიძლება დასრულდეს პარლამენტში, მაგრამ უნდა დაიწყოს პარლამენტთან". ამის შესახებ  მამულაშვილი საარჩევნო ვიდეოკლიპში საუბრობს და აღნიშნავს, რომ ხელისუფლებას მხოლოდ რევოლუციის ეშინია.

"თუ მთავარ ოპოზიციურ პარტიაში რამე არ შეიცვალა, დარწმუნებული ვარ, ამ ადგილიდან ისევ იმედგაცრუებულები და გაბრაზებულები დავბრუნდებით, გაბრაზებულები საკუთარ თავზე, უფრო კი პოლიტიკურ ლიდერებსა და მათ უმოქმედობაზე, ეს ადგილი ქართველი ხალხის ვინაობის განმსაზღვრელია, ვინაობის, რომელსაც ეს ხელისუფლება გვართმევს და ამას ხელს უწყობს ჩვენი უმოძრაობაც.

ჩემი პოლიტიკაში მოსვლის ერთადერთი მიზანი ცვლილებებისკენ მოძრაობა იყო, არის და იქნება. ვთვლი, რომ აქ და ახლა ხელისუფლებას ერთადერთი რამის ეშინია, იმდენად ეშინია, რომ ლამისაა ამ სიტყვის გამოყენებაც აგვიკრძალოს, ეშინია, რადგან დღევანდელ რეალობაში მხოლოდ ესაა ცვლილებების მომტანი, სწორად მიხვდით, რევოლუცია, რომელიც შეიძლება დასრულდეს პარლამენტში, მაგრამ უნდა დაიწყოს პარლამენტთან" - ამბობს მამულაშვილი.


ენმ-ში არჩევნები 28-29 იანვარს, ბლოკჩეინის სისტემით ჩატარდება. ამომრჩეველთა რეგისტრაცია უკვე დასრულდა. ერთიან ნაციონალურ მოძრაობას თავმჯდომარეობის ოთხი კანდიდატი ჰყავს – მოქმედი თავმჯდომარე, ნიკა მელია, პარტიის წევრი ლევან ხაბეიშვილი, აქტივისტი გიორგი მუმლაძე და ყოფილი წევრი, ნონა მამულაშვილი. თავდაპირველად კენჭისყრაში მონაწილეობას აპირებდა ენმ-ს წევრი გიორგი ჩალაძეც, თუმცა ხაბეიშვილის მიერ კანდიდატურის დაყენების შემდეგ მან კანდიდატურა მოხსნა

კომენტარები