აფეთქება ესპანეთში

ესპანეთის პოლიციამ ასაფეთქებლის შემცველი გზავნილების ადრესანტი დააკავა

Juan Medina

ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ დააკავა 74 წლის მამაკაცი, რომელიც უკრაინისა და აშშ-ს საელჩოებს ასაფეთქებლის შემცველ ამანათებს უგზავნიდა. დაკავებული ესპანეთის მოქალაქეა. 

ეჭვმიტანილის დაკავებამდე სამი დღით ადრე New York Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბოლო კვირების განმავლობაში გამოძიება რუსული იმპერიული მოძრაობის გარშემო მიმდინარეობდა. რუსული იმპერიული მოძრაობა არის დაჯგუფება, რომელსაც კავშირი აქვს ესპანეთის რადიკალურად მემარჯვენე ორგანიზაციებთან. Reuters-ის ცნობით, სავარაუდოა, რომ იგი რუსეთის დაზვერვასთანაც თანამშრომლობს. 


თავდაპირველად, ასაფეთქებლების გაგზავნის სერია 24 ნოემბერს დაიწყო, როცა ესპანეთის პრემიერმინისტრმა, პედრო სანჩესმა გზავნილი მიიღო. ამ შემთხვევის შემდეგ, მადრიდმა საჯარო დაწესებულებებთან და შენობებთან უსაფრთხოების ზომები გააძლიერა. ამის შემდეგ, მსგავსი მოწყობილობები გაუგზავნეს თავდაცვის სამინისტროს, საჰაერო ძალების ბაზას, იარაღის მწარმოებელსა და უკრაინის საელჩოს ესპანეთში.

30 ნოემბერს ესპანეთში, მადრიდში მდებარე უკრაინის საელჩოში აფეთქება მოხდა

ასაფეთქებელი მოწყობილობა ესპანეთში უკრაინის ელჩისთვის, სერგიი პოგორელცევისთვის განკუთვნილ გზავნილში იდო. 

გზავნილი, რომელიც საელჩოში ფოსტით მივიდა და შემოწმებული არ იყო, საელჩოს თანამშრომელმა შენობის ბაღში გახსნა, როდესაც შიგთავსი აფეთქდა. ესპანეთის მთავრობის წარმომადგენლის თქმით, თანამშრომელს თითი მცირედ დაუშავდა. 

1-ელ დეკემბერს ესპანელმა პოლიციელებმა კიდევ ერთი ასაფეთქებელი მოწყობილობა უვნებელყვეს. ასაფეთქებელი ესპანეთში აშშ-ს საელჩომ, სხვა შემთხვევების მსგავსად, ამანათის სახით მიიღო.

კომენტარები