საიდუმლო დოკუმენტები

აშშ-ს ყოფილი ვიცეპრეზიდენტის, მაიკ პენსის სახლში საიდუმლო დოკუმენტები აღმოაჩინეს

მაიკ პენსი

გასულ კვირას აშშ-ს ყოფილი ვიცეპრეზიდენტის, მაიკ პენსის სახლში საიდუმლო დოკუმენტები აღმოაჩინეს. ამის შესახებ მაიკ პენსის ადვოკატი წერს. მისივე თქმით, დოკუმენტები უკლებლივ FBI-ის გადაეცა. 

ყოფილი ვიცეპრეზიდენტის ადვოკატმა, გრეგ ჯეიკობმა 18 იანვარს ეროვნულ არქივს წერილი მისწერა. ჯეიკობი დოკუმენტების არსებობის შესახებ იუწყებოდა. 22 იანვარს ეროვნული არქივის სახელზე კიდევ ერთი წერილი გაიგზავნა, რომლის მიხედვითაც, FBI-მ ყოფილი ვიცეპრეზიდენტის სახლიდან დოკუმენტები ამოიღო. 

გრეგ ჯეიკობის თქმით, პრეზიდენტ ბაიდენის სახლში დოკუმენტების აღმოჩენის შემდეგ, სიფრთხილიდან გამომდინარე, პენსმა ადვოკატებს სახლში შენახული დოკუმენტების გადახედვა სთხოვა.

"აღმოჩენილია დოკუმენტების მცირე რაოდენობა, რომლებიც შესაძლოა სენსიტიურ ან საიდუმლო ინფორმაციას შეიცავდეს. ვიცეპრეზიდენტმა პენსმა ისინი დაუყოვნებლივ დაცულ ადგილას, სეიფში გადაიტანა და ელოდება დამატებით მითითებებს ეროვნული არქივისგან". - წერს ჯეიკობი წერილში. მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც დოკუმენტები საიდუმლოდ იქნა მიჩნეული, ადვოკატებს მათი შინაარსის შესწავლა აღარ გაუგრძელებიათ. 

22 იანვრის წერილში ნათქვამია, რომ იუსტიციის დეპარტამენტმა სტანდარტული პროცედურების გვერდის ავლით, დაუყოვნებლივ მოითხოვა დოკუმენტების გადაცემა. 

კომენტარები