საიდუმლო დოკუმენტები

ფოლკლენდის ომის დროს საფრანგეთი არგენტინას იარაღს აწვდიდა

ფოლკლენდის ომის დროს საფრანგეთი არგენტინას რაკეტებს აწვდიდა, რამაც 30 წლის წინ გაერთიანებულ სამეფოსა და საფრანგეთს შორის ურთიერთობა ძალიან დაძაბა. ინფორმაცია გაერთიანებული სამეფოს საიდუმლო დოკუმენტების გასაჯაროების შემდეგ გახდა ცნობილი. გაერთიანებულ სამეფოში მოქმედი კანონის მიხედვით, გასაიდუმლოებულ დოკუმენტებს 30 წელიწადში ეხსნებათ გრიფი. 

ფოლკლენდის ომის დროს საფრანგეთი ოფიციალურად გაერთიანებულ სამეფოს უჭერდა მხარს და მას საკუთარი პორტების გამოყენების საშუალებაც მისცა. თუმცა, როგორც გასაჯაროებული დოკუმენტებიდან ირკვევა, საფრანგეთმა არგენტინას Exocet-ის ტიპის რამდენიმე რაკეტა მიჰყიდა, რომელიც არგენტინამ ბრიტანული გემების ჩასაძირად გამოიყენა. 

ფოლკლენდის კრიზისის დასაწყისისას საფრანგეთის პრეზიდენტმა მიტერანმა არგენტინისთვის იარაღზე ემბარგო გამოაცხადა. ამასთან ერთად, საფრანგეთი ეხმარებოდა ბრიტანეთს, ხელი შეეშალა არგენტინისთვის საერთაშორისო ბაზარზე იარაღის შესყიდვაში. თუმცა 1982 წლის 4 მაისს არგენტინამ რამდენიმე Exocet-ის ტიპის რაკეტა გამოიყენა და ბრიტანეთის ფლოტს სერიოზული ზიანი მიაყენა. რამდენიმე კვირის შემდეგ, ბრიტანეთის სპეცსამსახურებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ არგენტინა Exocet-ის ტიპის რაკეტებს იყენებდა. 

ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბა მას შემდეგ, რაც საფრანგეთმა უარი განაცხადა ბრიტანეთისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია, თუ რამდენი რაკეტა მიჰყიდა არგენტინას. საბოლოოდ, როგორც გაირკვა, საფრანგეთმა კონტრაქტით გათვალისწინებული 10 რაკეტიდან არგენტინას 5 მიაწოდა. ამ ინფორმაციის ბრიტანეთისთვის მიწოდებასთან ერთად, საფრანგეთმა ბრიტანეთს კონტრაქტის შესრულების დაყოვნების პირობა მისცა. თუმცა გაჩნდა ეჭვი, რომ საფრანგეთი რაკეტებს პერუს მიაწვდიდა, რომელიც თავის მხრივ არგენტინას მიჰყიდდა ამ შეიარაღებას. 29 მაისს მიტერანმა თეტჩერს დაურეკა და უთხრა, რომ ძალიან ცუდ პოზიციაში იყო და შეიარაღების შესახებ კონტრაქტები უნდა შეესრულებინა. მეორე დღეს თეტჩერმა მიტერანს მკაცრი წერილი გაუგზავნა და უთხრა, რომ არგენტინისთვის ან პერუსთვის იარაღის მიწოდებას საფრანგეთსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ურთიერთობებზე დამანგრეველი ეფექტი ექნებოდა. თეტჩერის თქმით, ურთიერთობის დაძაბვას უარყოფითი ეფექტი ექნებოდა ნატოზეც. საფრანგეთმა საბოლოოდ უარი თქვა პერუსთვის და არგენტინისთვის იარაღის მიწოდებაზე.

 

კომენტარები