დაპირისპირება ენმ-ში

თავიდან ბოლომდე მერაბიშვილმა და კეზერაშვილმა დაგეგმეს ის, რაც ახლა ენმ-ში ხდება – მელია

ნიკა მელია
კადრი ვიდეოდან/ფორმულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის ნიკა მელია პარტიის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილს თავის რეალურ კონკურენტად არ მიიჩნევს. მელია TV პირველის ეთერში ამბობს, რომ ენმ-ში მიმდინარე პროცესები მის წინააღმდეგ ვანო მერაბიშვილმა და დავით კეზერაშვილმა დაგეგმეს. ნიკა მელიას თქმით, 9 ნოემბერს სწორედ ყოფილმა მაღალჩინოსნებმა "გააკეთებინეს" ენმ-ში არჩევნების ჩატარების მოთხოვნაზე განცხადება პარტიის რამდენიმე წევრს.

"დიახ, აი, ამ 9 ნოემბრის მთავარი მოქმედი პირნი, შემსრულებელნი, რა თქმა უნდა, იყვნენ ბატონი ვანო მერაბიშვილი და დათო კეზერაშვილი. რა თქმა უნდა, ერთად, ჩემ წინააღმდეგ. ეს პროცესები თავიდან ბოლომდე ინსპირირებული, დაგეგმილი, ორგანიზებული იყო ამ ორი ადამიანის მიერ, ეს არის სიმართლე" - თქვა მელიამ და აღნიშნა, რომ ახლა პარტიის შიგნით დაპირისპირებაა ძველსა და ახალ მეთოდებს შორის.

"მე ალბათ ამ გადაცემას ისე დავასრულებ, ყველაზე ნაკლებს ვისაუბრებ ბატონ ლევან ხაბეიშვილზე, მიმაჩნია, რომ ბატონი ლევან ხაბეიშვილი არ არის ამ შემთხვევაში ჩემი კონკურენტი" - ამბობს პარტიის მოქმედი თავმჯდომარე.


ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში არჩევნები 28-29 იანვარს, ბლოკჩეინის სისტემით ჩატარდება. პარტიას თავმჯდომარეობის ოთხი კანდიდატი ჰყავს – მოქმედი თავმჯდომარე, ნიკა მელია, პარტიის წევრი ლევან ხაბეიშვილი, აქტივისტი გიორგი მუმლაძე და ყოფილი წევრი, ნონა მამულაშვილი. თავდაპირველად კენჭისყრაში მონაწილეობას აპირებდა ენმ-ს წევრი გიორგი ჩალაძეც, თუმცა ხაბეიშვილის მიერ კანდიდატურის დაყენების შემდეგ მან კანდიდატურა მოხსნა

კომენტარები