ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები შიდაპარტიულ არჩევნებს და თავჯდომარის ხელახლა არჩევას ითხოვენ. ამის შესახებ ენმ-ს წევრმა, ირაკლი ნადირაძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
ნადირაძის თქმით, იმისთვის, რომ პარტია გაძლიერდეს, საჭიროა შიდაპარტიული დემოკრატიის გაძლიერება და სწორედ ამიტომ პარტიის ასობით წევრს პოლიტიკური სამდივნოს, პოლიტსაბჭოსა და პარტიის თავჯდომარის არჩევნების ჩატარება სურს.
"ჩვენ ვფიქრობთ, რომ პარტიის გაძლიერებას საფუძვლად უნდა დაედოს შიდა პარტიული დემოკრატიის გაძლიერება და შიდაპარტიული არჩევნები ყველა დონეზე. ჩვენ ვითხოვთ ჩატარდეს ყველა დონის არჩევნები, აირჩეს თავიდან პოლიტიკური სამდივნო, პოლიტიკური საბჭო და რაც ყველაზე მთავარია, ჩატარდეს თავჯდომარის ახალი არჩევნები, რადგან ვფიქრობთ, ენმ-ს თავჯდომარეს უნდა ჰქონდეს ასობით ათასი მისი გულმხურვალე, მებრძოლი და პატრიოტი ამომრჩევლების ლეგიტიმაცია, რათა ახალი ენერგიით, ახალი გეგმითა და ბრძოლისუნარიანობით ვიბრძოლოთ ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის. მე ვიცი ჩემი ასობით კოლეგის აზრი და ახლა საჭიროა, ამ ადამიანებმა საჯაროდ დააფიქსირონ თავიანთი აზრი". – ამბობს ნადირაძე.
3 ნოემბერს პარტიის ყოფილმა წევრმა, ნონა მამულაშვილმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და პარლამენტი დატოვა. მამულაშვილის შეფასებით, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტი, საქართველოს ისტორიაში "ყველაზე სამარცხვინოა", ერთიანი ნაციონალური მოძრაობა კი "პოლიტიკისგან დიდი ხანია დაცლილია".
20 ოქტომბერს იმავე მიზეზით ენმ ნიკა ობოლაძემაც დატოვა. მისი თქმით, ამ ფორმაციის ნაციონალურ მოძრაობაში ვერ ხედავს იმ ძალას და ენერგიას, რომელიც შეძლებს ახლა, ამ ხელისუფლების პირობებში გამოიყვანოს კრიზისიდან.
25 სექტემბერს მოძრაობა საქართველოსთვის წევრმა და ენმ-ს მხარდამჭერმა გიორგი მუმლაძემ FB-Live ჩაწერა, სადაც ნიკა მელიასთან დაპირისპირებაზე საუბრობს. მისი მტკიცებით, მელიამ პასუხი Facebook-ზე "აქტიურობის გამო" მოსთხოვა. გიორგი მუმლაძის თქმით, მისი ამოცანაა, რომ "ნიკა მელია პანღურით იქნეს გაგდებული პარტიიდან". მანვე აღნიშნა, რომ პარტიის მხარდამჭერისთვის მნიშვნელოვანია, თავმჯდომარე ასეთი "მოძალადე" არ იყოს.
მეორე დღეს, "გარკვეული ადამიანების მცირე ჯგუფის მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაციისა და დესტრუქციული ნაბიჯების გამო" განცხადება ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ გაავრცელა. ენმ-ს განმარტებით, TV პირველის გადაცემის ანონსში, რომელიც ეხებოდა ოპოზიციურ პარტიებში ჩანერგილ სუსის ჯაშუშებს, ერთ-ერთი პირის ხმა მიმსგავსებული იყო საპროტესტო აქტივობებში ჩართულ აქტიურ ადამიანის ხმასთან. პარტიის ცნობით, საკითხის გარკვევის მიზნით აქტივისტთან და მისი გუნდის წევრებთან ჰქონდათ კომუნიკაცია.
"შედგა საუბარი პარტიის გენერალურ მდივანსა და იმ ადამიანს შორის, ვისთან მიმართებაშიც კითხვები არსებობდა. საუბრის შემდეგ საკითხი ამოიწურა და კითხვის ნიშნები მოიხსნა. მოგვიანებით ამ პირების ნაწილის სურვილით პარტიის თავმჯდომარე საკუთარ სამუშაო ოთახში მშვიდ ვითარებაში ხვდებოდა ჯგუფის რამდენიმე წარმომადგენელს, რა დროსაც იქ შეიჭრა გიორგი მუმლაძე თანმხლებ პირებთან ერთად. მან შეურაცხმყოფელი, ქუჩური ტერმინოლოგიით სცადა პროვოკაციის მოწყობა. ბუნებრივია, პარტიაში მყოფმა პარტიის წევრებმა აღკვეთეს მათი მცდელობა და ეს ადამიანები ოფისიდან გაიყვანეს" - აცხადებს ენმ.
იმავე დღეს, პარტიის პოლიტსაბჭო დატოვა ენმ-ს ყოფილმა დეპუტატმა ბადრი ბასიშვილმა. ღამით კი, მუქარაზე მუმლაძის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ პარტიის წევრი, თენგო სანაია დააკავეს.