რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ФСБ-ს მტკიცებით, საქართველოს საზღვრის კვეთის მცდელობისას უკრაინის ჯაშუში დააკავეს

ФСБ-ს თანამშრომლები

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) მტკიცებით, ჩრდილოეთ ოსეთში, საქართველოს საზღვართან, ლარსის გამშვები პუნქტის გადაკვეთის მცდელობის დროს დააკავეს პირი, რომელიც უკრაინის სასარგებლოდ ჯაშუშობდა. 

ФСБ-ს თქმით, დაკავებული დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) ერთ-ერთი წევრი ქვეყნის მოქალაქეა, რომელიც 28 წლის არის. 

რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, ეჭვმიტანილმა მათ აჩვენა Telegram-მიმოწერა, რომელშიც ის მეორე პირს რუსული სამხედრო ტექნიკის ადგილმდებარეობის ფოტოებს უგზავნიდა. გამოძიება ჯაშუშობის მუხლით დაიწყო. 

რუსეთის გარდა, დსთ-ს წევრი ქვეყნებია: სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, მოლდოვა, ტაჯიკეთი და უზბეკეთი.

კომენტარები