ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ენმ-ს ქუთაისის ორგანიზაცია თავმჯდომარის არჩევნებზე მხარს ნიკა მელიას უჭერს

კადრი ვიდეოდან / მთავარი არხი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ქუთაისის ორგანიზაცია პარტიის თავმჯდომარის არჩევნებზე მხარს მოქმედ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას უჭერს. ამის შესახებ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, გიორგი კილაძემ ისაუბრა.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ქუთაისის ორგანიზაციის სახელით, მინდა სრული მხარდაჭერა გამოვუცხადოთ პარტიის მოქმედ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას და ვუსურვოთ წარმატებები არჩევნებში. მიგვაჩნია, რომ ნაციონალური მოძრაობის თითოეული წევრისთვის დღეს პირველი საზრუნავი მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება და 2023 წელს საქართველოში ოლიგარქიული რეჟიმის დასასრულია. ნიკა მელიას საარჩევნო შტაბს ქუთაისში უხელმძღვანელებს, გაგა მანაგაძე, ხოლო საორგანიზაციო მდივანი იქნება პაატა ღაჭავა". – თქვა კილაძემ გამართულ ბრიფინგზე.

თავმჯდომარის არჩევნებში ნიკა მელიას მხარს ასევე უჭერს ენმ-ს ბათუმის ორგანიზაციაც. როგორც პარტიის წევრმა, გიორგი კირთაძემ გამართულ ბრიგინგზე თქვა, აჭარის ორგანიზაციაში მელიას მხარდამჭერი შტაბი შეიქმნება, რომელსაც მირდატ ქამადაძე უხელმძღვანელებს.

პარტიაში არჩევნები 28-29 იანვარს, ბლოკჩეინის სისტემით ჩატარდება. ერთიან ნაციონალურ მოძრაობას თავმჯდომარეობის ოთხი კანდიდატი ჰყავს – მოქმედი თავმჯდომარე, ნიკა მელია, პარტიის წევრი ლევან ხაბეიშვილი, აქტივისტი გიორგი მუმლაძე და ყოფილი წევრი, ნონა მამულაშვილი. თავდაპირველად კენჭისყრაში მონაწილეობას აპირებდა ენმ-ს წევრი გიორგი ჩალაძეც, თუმცა ხაბეიშვილის მიერ კანდიდატურის დაყენების შემდეგ მან კანდიდატურა მოხსნა

გიორგი მუმლაძის თქმით, ენმ-ს თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობის მიზანი "უუნარო მელიას ჩამოცილებაა". მუმლაძე ამბობს, რომ მისი თავმჯდომარეობის შემთხვევაში მთელი ქვეყნის მასშტაბით "მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბები გაიხსნება".

ლევან ხაბეიშვილი აზრით, ენმ-ს "გადახალისება" სჭირდება, მის თავმჯდომარეს კი ლეგიტიმაცია. თავდაპირველი უარყოფის მიუხედავად, 16 ნოემბერს ხაბეიშვილმა თქვა, რომ პარტიის თავმჯდომარის არჩევნებზე საკუთარ კანდიდატურას ისიც აყენებს.

კომენტარები