ამინდის პროგნოზი

ქარი ჩადგება, მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი – გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო 13-17 იანვრის ამინდის პროგნოზს აქვეყნებს. 

სინოპტიკოსების პროგნოზით, 13-14 იანვარს დასავლეთ საქართველოში შენარჩუნდება უნალექო და ქარიანი ამინდი. მათივე ინფორმაციით, ქარის სიჩქარე იკლებს და აღარ იქნება გრიგალის კატეგორიის, როგორიც ბოლო სამი დღის განმავლობაში იყო დასავლეთ საქართველოს უმეტეს რეგიონში.

სინოპტიკოსების ცნობით, 15 იანვრიდან ქარი ჩადგება და 20 იანვრამდე უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით დაბლობ რაიონებში +11, +16 გრადუსამდე მოიმატებს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადების მიხედვით, აღმოსავლეთ საქართველოში 14 იანვრის დილამდე შენარჩუნდება ცივი, ღრუბლიანი, ნისლიანი და ზოგან თოვლიანი ამინდი. 20 იანვრამდე უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. 17 იანვრამდე ღამის საათებში გაძლიერდება ყინვა. ჰაერის ტემპერატურა ბარში ღამით -4, -9 გრადუსი იქნება. 17 იანვრიდან ყინვა შესუსტდება, დღის ტემპერატურაც +4, +9 გრადუსამდე მოიმატებს.

მათივე ცნობით, ქ. თბილისში 14 იანვრის დილამდე შენარჩუნდება ცივი, ღრუბლიანი, ნისლიანი და თოვლიანი ამინდი. 20 იანვრამდე კი უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში -3, -5 გრადუსის ფარგლებში იქნება, დღისით კი +7, +9 გრადუსამდე მოიმატებს.

კომენტარები