სამხრეთ კორეა

სამხრეთ კორეის პრეზიდენტი: სამხრეთ კორეას შეუძლია, საკუთარი ბირთვული იარაღი შექმნას

STR/AGENCE FRANCE-PRESSE/GETTY IMAGES

სამხრეთი კორეის პრეზიდენტმა, იუნ სუკ იოლმა აღნიშნა, რომ ქვეყანას საკუთარი ბირთვული იარაღის შექმნა შეუძლია ან აქვს ალტერნატივა, ჩრდილოეთ კორეიდან საფრთხის ზრდის შემთხვევაში, სთხოვოს აშშ-ს, იარაღი კორეის ნახევარკუნძულზე განალაგოს. 

ბოლო ათწლეულებში იუნ სუკ იოლი სამხრეთ კორეის პირველი ლიდერია, რომელმაც საკუთარი ბირთვული იარაღის შექმნის პერსპექტივაზე ღიად ისაუბრა. 

არაბირთვული სახელმწიფოს - სამხრეთ კორეის საკუთარი იარაღის შექმნის პერსპექტივა ბირთვული განიარაღების მცდელობების დესტაბილიზაციას გამოიწვევს და ფხენიანთან ისედაც მწვავე დაძაბულობას, კიდევ უფრო გააღვივებს. ეს იდეა დიდი ხანია უარყოფილია აშშ-ს და სეულის წინა ადმინისტრაციების მიერ, თუმცა გამოკითხვებმა აჩვენა, რომ სამხრეთ კორეის მოსახლეობის უმრავლესობა ბირთვული იარაღის შექმნას ემხრობა.

სამხრეთ კორეა დაცულია აშშ-ს ბირთვული ქოლგის ქვეშ - შეთანხმებით, რომლითაც განსაზღვრულია, რომ თავისი მოკავშირის დასაცავად ვაშინგტონი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ტაქტიკური ბირთვული იარაღი სამხრეთ კორეიდან 1990-იანი წლების დასაწყისში გაიყვანა, საბჭოთა კავშირთან განიარაღების შესახებ შეთანხმების საფუძველზე. ამასთანავე, ვაშინგტონმა უარყო მოწოდებები მათი ხელახალი განლაგების შესახებ.

ანალიტიკოსების შეფასებით, იუნის კომენტარი მიზნად ისახავს, მიანიშნოს ჩრდილოეთ კორეას, რომ ქვეყანა უკიდურეს ზომებსაც განიხილავს თუ ფხენიანი იარაღის პროგრამით მუქარას განაგრძობს. თუმცა, იმავე ანალიტიკოსების პროგნოზით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ აშშ კორეის ნახევარკუნძულზე იარაღის განლაგებას სერიოზულად განიხილავდეს.

კომენტარები