რეკლამა

(რ) როდის გამოჩნდა პირველი მობილური ტელეფონი საქართველოში

საქართველოში პირველად მობილური ტელეფონები დაახლოებით 1996-97 წლებში გამოჩნდა. ეს იყო სულ რამდენიმე ერთეული მოწყობილობა - მთელი ქვეყნის მასშტაბით. მობილური კავშირგაბმულობის დღევანდელი სახით გაჩენამდე არსებობდა კავშირის ისეთი პოპულარული სახეობა, რომელსაც პეიჯერი ეწოდება. უფროს თაობას ემახსოვრება მომცრო მოწყობილობა, რომელიც ფუნქციურად საკმაოდ მოუხერხებელი იყო.

პეიჯერი გამოიყენებოდა მხოლოდ მოკლე ტექსტური შეტყობინებების ცალმხრივად მისაღებად. იმისთვის, რომ ინფორმაცია გადაგეცა, ქალაქის ტელეფონიდან ოპერატორისთვის უნდა გეკარნახა მომცრო ტექსტი, რომელიც შემდეგ მიუვიდოდა ადრესატს ლათინური სიმბოლოების სახით. ხოლო, პირველი მობილური ტელეფონებით, მართალია, პირდაპირი ხმოვანი კავშირის დამყარება შეგეძლო, მაგრამ ამ ფუნქციის გარდა სხვა ვერც ვერაფრით უსარგებლებდი. პეიჯერებისგან განსხვავებით მობილური ტელეფონებით არ იყო შესაძლებელი SMS-ების არც გაგზავნა და არც მიღება. მობილური ოპერატორებიც საკმაოდ გაუმართავად ფუნქციონირებდნენ და ერთ-ერთ პირველ ასეთ ოპერატორს მაშინ GT წარმოადგენდა, რომლის მეშვეობითაც მხოლოდ GT-ის აბონენტებს დაუკავშირდებოდი.

მოგვიანებით, აღნიშნულმა ქსელმა კონკურენციას ვერ გაუძლო, ჯეოსელის ნაწილი გახდა და სწორედ ასე გაჩნდა ლაი-ლაი. თუმცა, სმარტფონებამდე ჯერ კიდევ შორი გზა იყო გასავლელი. ახლა ამ თვალსაზრისით საკმაოდ დიდი ფუფუნებაა და შეგიძლია ონლაინ დაათვალიერო და შეარჩიო მობილური ტელეფონი. მანამდე, ისტორიას მივყვეთ თანმიმდევრობით. 

90-იანი წლების ბოლოს და 2000-იანების დასაწყისში, ან როგორც ისტორიკოსებს უყვართ ხოლმე თქმა - საუკუნის მიჯნაზე, ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მოდელს Ericsson T10s წარმოადგენდა. ეს მოდელი წლების განმავლობაში ინარჩუნებდა ლიდერობას და იმ დროისთვის საამაყო ვიზუალითაც გამოირჩეოდა, რაც გამოწვეული იყო იმით, რომ ეს იყო დასაკეცი კორპუსის მქონე ტელეფონი. ასევე, პოპულარული იყო დღეს უკვე სამუდამოდ დავიწყებული მწარმოებელი, Alcatel, ხოლო მოგვიანებით გამოჩნდა "ლიფტიანი“ Samsung, რომლის გახსნაც თითის ასრიალებით შეგეძლო და Motorola V3. ამ ორი უკანასკნელის დიდი უპირატესობა ფერადი ეკრანიც იყო. 

2010 წლამდე ბაზრის ლიდერი ფინური NOKIA იყო. თუმცა, მას შემდეგ, რაც შეჯიბრში აზია-წყნარი ოკეანის რეგიონი ჩაერთო ისეთი ბრენდებით, როგორებიცაა Micromax, Nexian და i-Mobile, ნოკიამ ბაზრის დიდი წილი დაკარგა. ხოლო, 2014 წლის მიწურულს მას SAMSUNG-მა გადაუსწრო და ბაზრის 20-ზე მეტი დაიკავა, ამ დროისთვის NOKIA უკვე მხოლოდ 9%-ს ფლობდა. ასევე, პოპულარული იყო Apple Inc. (8.4%), LG (4.2%), Huawei (3.6%), TCL Communication (3.5), Xiaomi (3.5%), Lenovo (3.3%), ZTE (3.0%) და Micromax (2.2%).

პირველი მობილური ტელეფონი მსოფლიოში

როგორც უკვე აღვნიშნეთ, მობილური ტექნოლოგიების განვითარების გარიჟრაჟზე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მწარმოებელი Motorola იყო, ეს არც არის გასაკვირი, რამდენადაც მობილური ტელეფონების ისტორია სწორედ მისით იწყება.

ისტორია გვაუწყებს, რომ პირველი მობილური ტელეფონი 1973 წლის 3 აპრილს Motorola-ს მობილური კავშირის განყოფილების დირექტორმა, მარტინ კუპერმა გამოიყენა და პირველი ზარიც მან გაუშვა.

ფიჭური კავშირის მუშაობის ძირითადი პრინციპები - ზარის გაშვება ერთი ფიჭიდან მეორეზე - ბელის ლაბორატორიებში ჯერ კიდევ 1946 წელს იყო ცნობილი, თუმცა AT&T და „მოტოროლა“ მხოლოდ 1960-იანი წლების ბოლოს დაინტერესდნენ.

პირველი ტელეფონის სახელწოდება „დინა-ტაკი“ (DynaTAC) იყო, რომელიც დაახლოებით კილო-ნახევარს იწონიდა. ტელეფონის აკუმულატორი 35-წუთიანი კავშირის შესაძლებლობას იძლეოდა, ხოლო მის დასატენად 10 საათზე მეტი იყო საჭირო.

ტექსტური შეტყობინებები

SMS მობილურ ტელეფონებზე ერთ-ერთი ყველაზე მეტად გამოყენებადი მონაცემთა აპლიკაციაა. მართალია, მასობრივად გავრცელებამდე ჯერ კიდევ შორი იყო, მითუმეტეს საქართველოს ბაზრისთვის, თუმცა პირველი SMS შეტყობინება 1992 წელს კომპიუტერიდან ტელეფონზე გააგზავნეს გაერთიანებულ სამეფოში, ტელეფონიდან ადამიანმა ადამიანს კი, SMS პირველად 1993 წელს გაუგზავნა ფინეთში.

პირველი სმარტფონები

WI-FI-თი აღჭურვილი და მრავალფეროვანი აპლიკაციების მქონე პირველი ტელეფონები, რასაც ჩვენ დღეს სმარტფონებს ვუწოდებთ, დაახლოებით 2010-იანების დასაწყისში გამოჩნდა. ამ საქმის მოწინავე BlackBerry იყო, პირველი Blackberry მოწყობილობა 2002 წელს გამოჩნდა. BlackBerry 5810-ს არ ჰქონდა დინამიკი და მიკროფონი; მას სასაუბროდ სჭირდებოდა ყურსასმენი. მაგრამ ჰქონდა კლავიატურა. მოგვიანებით, BlackBerry 7210 იყო პირველი Blackberry სმარტფონი ფერადი დისპლეით. გაჯეტს ჰქონდა 2 მეგაბაიტი შიდა მეხსიერება და 960 mAh ბატარეა.  

თუმცა, BlackBerry-ის მალევე დაეწია Samsung. დღევანდელი სახით სმარტფონის ნამდვილი წინაპარი Samsung Galaxy S3 იყო, რომელიც აღიჭურვა Android სისტემით, ჰქონდა QWERTY თაჩ სქრინ კლავიატურა, Wi-Fi და Play store-დან აპლიკაციების გადმოწერა შეგეძლოთ. მართალია აპლიკაციების არც ისე დიდი არჩევანი იყო და მაშინ WI-FI-ის გამოყენებაც საკმაოდ პრობლემურ საკითხს წარმოადგენდა (არა ტელეფონის მხარდაჭერის შეფერხების, არამედ თავად უსადენო ინტერნეტის ხელმისაწვდომობის გამო), მაგრამ სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ერთ-ერთი პირველი თვალისმომჭრელი მოდელი სწორედ ის იყო. 

Samsung Galaxy S სერიის პირველი მოდელი 2010 წლის ივნისში გამოვიდა და მხოლოდ ორ თვეში 800 000 მოწყობილობა გაიყიდა, რაც იმ დროისთვის Android სმარტფონებისთვის აბსოლუტური რეკორდი იყო. მოწყობილობამ მიიღო 4-დუიმიანი AMOLED ეკრანი 480x800 პიქსელით, ARM Cortex A8 1 გჰც პროცესორი, 512 მბ ოპერატიული მეხსიერება და 2-დან 16 გბ-მდე შიდა მეხსიერება 32 გბ-მდე მხარდაჭერით. ეს არის ერთ-ერთი პირველი სმარტფონი Bluetooth 3.0 მხარდაჭერით. მოწყობილობის სისქე 9.9 მმ-ია, ის იყო ერთ-ერთი ყველაზე თხელი სმარტფონი კლასში. კამერები - 5 მეგაპიქსელი მთავარი და 0.3 წინა.

კომენტარები