Black Lives Matter

დაკავებიდან მალევე BLACK LIVES MATTER-ის დამფუძნებლის ბიძაშვილი გარდაიცვალა

საავადმყოფოში გარდაიცვალა Black Lives Matter-ის თანადამფუძნებლის, პატრის კულორსის ბიძაშვილი, კინენ ანდერსონი რომელიც პოლიციამ ლოს-ანჯელესში დააკავა. 

31 წლის კინენ ანდერსონი სანტა მონიკას საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა, თუმცა ოფიციალური მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია.

ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტმა (LAPD) გაავრცელა 3 იანვარს მომხდარის კადრები, რომელშიც ჩანს, რომ ანდერსონი პოლიციის მოთხოვნას არ ემორჩილებოდა, რის შემდეგად სამართალდამცველებმა ელექტროშოკი გამოიყენეს. 

ვიდეოში ნაჩვენებია, რომ კინენ ანდერსონი დაკავების პროცესში დახმარებას ითხოვს. ვიდეოში ისმის მისი ნათქვამი: "ცდილობენ, ჯორჯ ფლოიდივით მომექცნენ." 46 წლის ჯორჯ ფლოიდი მინეაპოლისის პოლიციამ ყალბი ფულის გამოყენებისთვის დააკავა. ფლოიდი დაკავებისას გარდაიცვალა. მოგვიანებით გავრცელდა ვიდეო, რომელშიც დაკავების პირველი წუთები არ ჩანს, თუმცა ასახულია, როგორ წევს მიწაზე დაკავებული. მას ხელბორკილები ადევს, ამის მიუხედავად, პოლიციელი მუხლით კისერზე აწვება. ისმის კაცის ხმა "ვერ ვსუნთქავ, არ მომკლათ".

პოლიციის უფროსმა, მიშელ მურმა ოთხშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ კინენ ანდერსონმა დანაშაული საგზაო შეჯახებისას ჩაიდინა. მისი თქმით, ანდერსონმა შემთხვევის ადგილიდან გაქცევა "სხვა ადამიანის მანქანაში მათი ნებართვის გარეშე ჩაჯდომის მცდელობით" სცადა. 

კომენტარები