საქართველო-უკრაინა

ვოლსკი პოდოლიაკზე: მისი განცხადება და შეფასებები უტიფარია

ქართული ოცნების დეპუტატმა, გიორგი ვოლსკიმ საქართველოს მთავრობასთან დაკავშირებით, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებები შეაფასა. ვოლსკის თქმით, პოდოლიაკის შეფასებები არის უტიფარი.

"პოდოლიაკის ეს გამოთქმა და შეფასებები არის უტიფარი. ის თუ იმის შემდეგ ვერ მიხვდა, საქართველო ვისკენ არის, რაც [საქართველომ] რუსეთის მიმართ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებები მიიღო, მათ შორის არის ტრიბუნალისადმი მიმართვა, ასევე, მთელი რიგი საერთაშორისო ორგანიზაციებიდან რუსეთის გარიცხვა, მაშინ პოდოლიაკი ან უტიფრად აგრძელებს ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკას, რაც ასევე არ არის გასაკვირი, ან პრაქტიკულად, საერთოდ ვერაფერს ხედავს, უკრაინის გარშემო და რეგიონში რა ხდება. ჩვენ არ გაგვაჩნია ტანკები იმისთვის, რათა უკრაინას მივაწოდოთ. მაგრამ, გაგვაჩნია ელექტროგენერატორები და ჰუმანიტარული დახმარების გარკვეული რესურსი, რასაც მათ ვაწვდით. აღმოჩნდა, რომ ამ მაჩვენებლითაც მსოფლიოში პირველ ადგილზე ვართ. ჩვენ გვაქვს იმის რესურსი, რომ იმ უკრაინელ ხალხს მივხედოთ, ვინც საქართველოში ცხოვრობს - მათ ბავშვებს სკოლაში სწავლის საშუალება მივცეთ, მათი პედაგოგები დავაფინანსოთ. თუ ამის შემდეგ პოდოლიაკმა ვერ დაინახა, საქართველო რა პოზიციაზე დგას, მისი განცხადება თავისუფლად, ყველაზე რბილად შეიძლება შევაფასოთ, როგორც უტიფარი". - თქვა გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა თქვა, რომ საქართველოს ამჟამინდელ მთავრობასთან საუბარს "აზრი არ აქვს", რადგან ისინი "სხვა რეალობაში" არიან. ასევე, პოდოლიაკი ამბობს, რომ ქართველმა ხალხმა დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც ივანიშვილის მთავრობა აირჩია. პოდოლიაკის შეფასებით, ქართული ოცნება სრულად ფართოდ გახელილი ან დახუჭული თვალებით უყურებს რუსეთის ფედერაციას, მოლოდინით, რომ გადაწყვეტენ რაღაც ენერგეტიკულ, ბიზნეს საკითხებს, არ გააგრძელებენ 2008 წლის ომს, ანუ არ გააგრძელებენ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას.

პოდოლიაკის თქმით, ისტორიაში შევა, რომ 2022-2023 წლებში საქართველოს მთავრობა უკრაინის მიმართ უპატივცემულობას იჩენდა.

"გასაკვირია, ისტორიაში ჩაიწერება, რომ 2022-2023 წლებში მთავრობა საქართველოსი, რომელსაც 2008-ში რუსეთის შოვინისტური ელიტის თავდასხმის ქვეშ იყო, აგრძელებს უპატივცემულობის დემონსტრაციას უკრაინის მიმართ, ევროპის რუსეთის ფედერაციის ექსპანსიონიზმისგან გათავისუფლების პროცესის მიმართ. დაე, ქართველებმა მომავალში ამით იცხოვრონ".  – დაამატა პოდოლიაკმა.

 

კომენტარები