რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კანადა უკრაინისთვის NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის სისტემას შეიძენს

NASAMS

კანადა უკრაინისთვის NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის სისტემას შეიძენს. ამის შესახებ ინფორმაციას კანადის თავდაცვის მინისტრი, ანიტა ანანდი TWITTER-ზე ავრცელებს. 

ანანდის თქმით, ის უკრაინელ კოლეგას, ოლექს რეზნიკოვს ტელეფონით ესაუბრა, რომელმაც აღნიშნა, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემები უკრაინის მთავარი პრიორიტეტია. მინისტრის თქმით, სწორედ ამიტომ კანადა აშშ-სგან ამ სისტემებს იყიდის და უკრაინას გადასცემს.

" ეს კანადის მიერ უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემის პირველი უფასო მიწოდებაა. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სასტიკი საჰაერო დარტყმების პირობებში ეს საჰაერო თავდაცვის სისტემა დაეხმარება დასახლებული პუნქტებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების დაცვაში დრონების, რაკეტებისა და თვითმფრინავების თავდასხმებისგან".- წერს ანანდი. 

ის აღნიშნავს, რომ NASAMS-ს აქვს ძალიან მაღალი წარმატების მაჩვენებელი და ეს არის ეფექტური წვლილი უკრაინის თავდაცვაში.

"ყოვლისმომცველი სამხედრო დახმარებით, კანადა გააგრძელებს უკრაინელი ხალხის გვერდით დგომას, როდესაც ისინი იბრძვიან რუსეთის უკანონო და გაუმართლებელი შემოჭრის წინააღმდეგ".- აცხადებს მინისტრი. 

NASAMS-ის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის რაკეტებს 30 კილომეტრის რადიუსსა და 21 კილომეტრის სიმაღლეზე ფრენა შეუძლიათ. 

კომენტარები