მიხეილ სააკაშვილი

ბილ ბროუდერი: აშკარაა, რომ მიხეილ სააკაშვილს აწამებენ

ცნობილი ბრიტანელი ფინანსისტი, პუტინის რეჟიმის კრიტიკოსი და მაგნიტსკის აქტის ავტორი, ბილ ბროუდერი ამბობს, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს აწამებენ. ამის შესახებ მან TV პირველთან ინტერვიუში ისაუბრა. მისი თქმით, ის ფიქრობს, რომ თუ სააკაშვილი პატიმრობაში მოკვდება, რამდენიმე პირის წინააღმდეგ სანქციები გარდაუვალი იქნება. 

"ეს ქართველ პოლიტიკოსებს დიდ თავის ტკივილს გაუჩენს, იმედი მაქვს, რომ ადამიანები, რომლებიც ახლა გადაწყვეტილებებს იღებენ, შეწყვეტენ ასეთ ქმედებას, რადგან თუ ეს ადამიანი - სააკაშვილი მოკვდება, მათ წინ მძიმე ცხოვრება ელოდებათ. აშკარაა, რომ მიხეილ სააკაშვილს აწამებენ. ეს ფოტოებიდანაც ჩანს და არ არის საჭირო იყო სამედიცინო ექსპერტი, რომ ეს დაინახო. უფრო საინტერესო ის არის, თუ ვინ არის პასუხიმგებელი, რადგან პროკურორები აფერხებენ მის თხოვნას, მიიღოს სამედიცინო მკურნალობა. ციხის ექიმებიც ალბათ ჩართულები არიან არასათანადო აქტივობაში და მთავრობის წარმომადგენლები, რომლებიც გასცემენ ბრძანებებს. რაც უფრო მეტია ასეთი ინფორმაცია, მეტად სავარაუდოა, რომ შევქმნათ დროებით, როგორც ჩვენ ვეძახით "სააკაშვილის სია", სადაც შევიყვანთ იმ ადამიანებს, რომლებიც ამას აკეთებენ. ეს დაუჯერებლად ბოროტი ქმედებაა. ეს არის ჰუმანიტარული საკითხი და ყოველდღიურად ჩვენ ვისმენთ საქართველოს მთავრობისგან, რომ ჯიუტად არ ათავისუფლებენ და არ აგზავნიან სამკურნალოდ ევროპაში. ამგვარად საქართველო ანადგურებს მის რეპუტაციას საერთაშორისო დონეზე".- TV პირველის თარგმანით, აცხადებს ბროუდერი. 

მისივე თქმით, ამ ყველაფრის უკან რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი დგას, რომელსაც სააკაშვილზე შურისძიება სურს. 

"აშკარაა რომ სააკაშვილი 2008 წელს წინ აღუდგა პუტინს, როდესაც ის შემოუჭრა საქართველოში. მან პერსონალური ვენდეტა განახორციელა მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ. არსებობენ ადამიანები საქართველოს მთავრობაში, რომლებსაც პუტინი მოსწონთ და ახლა აშკარაა, რომ ვითარება ნორმალური გზით არ მიდის. ჩემი აზრით, ამ ყველაფრის მიღმა ვლადიმირ პუტინი დგას. ის ცდილობს შური იძიოს მიხეილ სააკაშვილზე, რომელიც მას უპატივცემულოდ მოექცა. ასევე ეს, არის მესიჯი ვოლოდიმირ ზელენსკისთვის, აი რა დაგემართება შენც მომავალში, ამიტომ ეს არ უნდა დავუშვათ".- ამბობს ბროუდერი TV პირველის ცნობით. 

მიხეილ სააკაშვილმა ბროუდერს ღია წერილით მიმართა და სთხოვა, რომ ადგილობრივ ქართულ ჯგუფებს მაგნიტსკის ახალი სიის შედგენაში დაეხმაროს მანამ, სანამ მისთვის ლეტალური შედეგი დადგება.

ბროუდერმა სააკაშვილის წერილს უპასუხა და ექსპრეზიდენტს სთხოვა, რომ მისმა გუნდმა მოამზადოს დოკუმენტები, თუ ვინ აფერხებს სამედიცინო მკურნალობას და ვინ არის პასუხისმგებელი მის მოწამვლასა და წამებაზე. ბროუდერი სააკაშვილს დაჰპირდა, რომ ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მაგნიტსკის სანქციებისთვის დასავლური ქვეყნების მთავრობებმა ამას ყურადღება მიაქციონ.

კომენტარები