ისრაელი

"მე ეს შევძელი" – ნეთანიაჰუმ ისრაელის პრეზიდენტს მთავრობის ფორმირების შესახებ აცნობა

ბენიამინ ნეთანიაჰუ პრეზიდენტ იცხაკ ჰერცოგთან საუბრის დროს.

პარია ლიკუდის ლიდერმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ, რომელიც მალე ისრაელის პრემიერმინისტრის პოსტზე დაბრუნდება, პრეზიდენტს, იცხაკ ჰერცოგს აცნობა, რომ მან ახალი, 37-ე მოწვევის მთავრობის ფორმირება შეძლო. 

მოლაპარაკება ნეთანიაჰუსა და მისი მემარჯვენე ბლოკის წევრებს შორის უკვე რამდენიმე კვირაა რაც გრძელდებოდა. 

სავარაუდოდ, ნეთანიაჰუს ახალი მთავრობა ფიცს ბოლო ვადამდე, 2 იანვრამდე დადებს.

როდესაც მთავრობის ფორმირების ბოლო ვადიდან 2 საათი იყო დარჩენილი, ულტრაორთოდოქსული პარტია ოცმა იეჰუდითი ჯერ კიდევ აცხადებდა, რომ მოლაპარაკებებში წინ ვერ მიიწევდნენ და "ცხადი არ იყო" მივიდოდნენ თუ არა შეთანხმებამდე.

შუაღამის შემდეგ ნეთანიაჰუმ Twitter-ზე მალევე დაწერა: "მე ეს შევძელი".

"მინდა გაცნობოთ, რომ არჩევნებში მოპოვებული საზოგადოების უზარმაზარი მხარდაჭერის წყალობით მოგებული არჩევნების შემდეგ, მე შევძელი შემექმნა მთავრობა, რომელიც ისრაელის ყოველ მოქალაქეზე იზრუნებს". – თქვა ნეთანიაჰუმ ისრაელის პრეზიდენტთან გამართულ სატელეფონო საუბარში.

იცხაკ ჰერცოგმა ნეთანიაჰუს მადლობა გადაუხადა და წარმატება უსურვა.

ნეთანიაჰუს ბლოკმა 1-ელი ნოემბრის არჩევნებში 64 მანდატი მოიპოვა. ისრაელში 2019 წლიდან მეხუთე არჩევნები ჩატარდა. პოლიტიკოსები აქამდე მთავრობის წარმატებით ფორმირებას ვერ ახერხებდნენ. ბოლო კოალიციამ უმრავლესობა მას შემდეგ დაკარგა, რაც რამდენიმე დეპუტატმა მათი რიგები დატოვა.

13 ნოემბერს ისრაელის პრეზიდენტმა, იცხაკ ჰერცოგმა ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობის ფორმირების მანდატი გადასცა. ამ დღიდან მოყოლებული, ნეთანიაჰუს მთავრობის ფორმირებისთვის 28 დღე აქვს და, საჭიროების შემთხვევაში, შეუძლია დამატებითი 14 დღეც გამოიყენოს.

გასულ თვეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში აშფოთებდათ ის, თუ როგორ განაწილდებიან ისრაელის ახალი მინისტრები. ისრაელის მედია, Jerusalem Post-ი გასულ კვირებში, წყაროებზე დაყრდნობით, წერდა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ ნეთანიაჰუს მოუწოდა, დაენიშნა ისეთი მინისტრები, რომლებთანაც მუშაობას შეძლებდნენ.

ბენიამინ ნეთანიაჰუ ისრაელის ისტორიაში ყველაზე დიდი ხნის მანძილზე იყო პრემიერის პოსტზე. ის ამ თანამდებობას 2009 წლიდან 2021 წლამდე იკავებდა და, აქამდე, ეს პოზიცია 1996-1999 წლებში ეკავა. ისრაელის ყოფილი პრემიერმინისტრის წინააღმდეგ კორუფციასთან და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასთან დაკავშირებულ საქმეებს იძიებენ.

კომენტარები