ისრაელი

ისრაელის მმართველმა კოალიციამ ქნესეთში უმრავლესობა დაკარგა

იდით სილმანი
The Times of Israel

ისრაელის მთავრობა დატოვა მმართველი კოალიციის ორგანიზატორმა, იდით სილმანმა. შედეგად, კოალიციამ ქნესეთში ადგილების უმრავლესობა დაკარგა.

როგორც ებრაული მედია იუწყება, სილმანს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით არ გაუფრთხილებია ქვეყნის პრემიერმინისტრი, ნაფთალი ბენეტი და უკანასკნელმა ინფორმაცია უმრავლესობის დაკარგვის შესახებ თავადაც მედიიდან გაიგო. სილმანი პრემიერის პარტიის, იამინას წევრი იყო.

სილმანის გადაწყვეტილების შედეგად, კოალიციისა და ოპოზიციის ადგილები თანაბარია. ორივე მხარეს ქნესეთში 60-60 ადგილი აქვთ. თუ კოალაიციის კიდევ ერთი წევრი ქნესეთს დატოვებს, შესაძლოა ამოქმედდეს ოპოზიციის მიერ მიღებული კანონი, რომლის მიხედვითაც ბოლო მოწვევის ქნესეთი დაიშლება.

თუ კოალიციას სხვა წევრებიც დატოვებენ და ოპოზიციას ადგილთა უმრავლესობა ექნება, მათ ახალი მთავრობის შექმნა არჩევნების გარეშეც შეეძლებათ.

სილმანი გადაწყვეტილების მიზეზად თქვა, რომ მეტი აღარ შეეძლო და ებრაული იდენტობისთვის "ძირის გამოთხრაში მონაწილეობას" ვეღარ გააგრძელებდა. როგორც Jerusalem Post-ი წერს, მან იგულისხმა დაპირისპირება ისრაელის ჯანდაცვის მინისტრთან, ნიცან ჰოროვიცთან, რომელმაც პასექის დღესასწაულისთვის საავადმყოფოებში დაუშვა ჰამეცის – გაფუებული საკვების მიღება, რაც იუდაიზმში ამ პერიოდში აკრძალულია. 

"მე არ დავეხმარები ისრაელისა და ისრაელის ხალხის ებრაული იდენტობისთვის ზიანის მიყენებას. მე გავაგრძელებ ჩემი მეგობრების დარწმუნებას რომდ აბრუნდნენ სახლში და ჩამოყალიბდეს მემარჯვენე მთავრობა. ვიცი, არ ვარ ერთადერთი, ვინც ამას გრძნობს. ამ ქნესეთში სხვა მთავრობის ფორმირება შესაძლებელია". – თქვა სილმანმა.

ქნესეთის ლეიბორისტი წევრის, გილად კარივის თქმით, ცხადია, რომ ჰამეცთან დაკავშირებული უთანხმოება გადაწყვეტილების "რეალური მიზეზი არაა".

სილმანს ამ გადაწყვეტილების გაკეთება მიულოცა ისრაელის ყოფილმა პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ და თქვა, რომ ამ მომენტს ბევრი ებრაელი ელოდა. 

როგორც ებრაული მედია წერს, სილმანმა კოალიცია მას შემდეგ დატოვა, რაც ცნობების მიხედვით, მან ოპოზიციური პარტია ლიკუდის სიაში მეათე ადგილის შეთავაზება და ჯანდაცვის მინისტრის პოზიციის შეთავაზება მიიღო, თუ პარტია, რომელსაც ექსპრემიერი ბენიამინ ნეთანიაჰუ ხელმძღვანელობს, ახალი მთავრობის ფორმირებას შეძლებს.

გასულ წელს ისრაელში კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება ვადამდელი არჩევნების რამდენიმე უშედეგო ტურის შემდეგ საბოლოოდ მოხერხდა, თუმცა კოალიცია ძალიან არამდგრადია და მასში გაერთიანებულია განსხვავებული პოზიციის პარტიები.

კომენტარები