თავდასხმა გიორგი კირთაძეზე

მელია კირთაძეზე: მორიგი პროვოკაცია, რაც ვნახეთ, სრულიად ამაზრზენი და წარმოუდგენელია

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია, პარტიის წევრ გიორგი კირთაძეზე ბათუმში მომხდარ თავდასხმას პროვოკაციად აფასებს. მელია FACEBOOK-ზე წერს, რომ ფაქტი "სრულიად ამაზრზენი და წარმოუდგენელია".

"გიორგი კირთაძე არის ახალი ტიპის ქართველი პოლიტიკოსი, რომელმაც ბოლო არჩევნებში ბათუმში დაამარცხა ქართული ოცნება. გიორგი სარგებლობს დიდი მხარდაჭერით და საზოგადოებაში მის მიმართ არანაირი აგრესია არ არსებობს, ობიექტურად მის მიმართ ვერავის ექნება ვერანაირი წყენა ან შუღლი.

ბედავენ და ასეთ ადამიანს უსაფრდებიან ქალაქის ცენტრში და უშენენ კვერცხებს, მაშინ როდესაც რატი ბრეგაძე მშვიდად დგას და გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკას გვიკითხავს პარლამენტის მაღალი ტრიბუნიდან.

სწორედ ეს არის ყველაზე სახიფათო და სწორედ ეს არის სასწრაფოდ დასასრულებელი!"- წერს ნიკა მელია. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრს, გიორგი კირთაძესა და ფორმულას ჟურნალისტებს პირდაპირ ეთერში ჩართვისას უცნობი პირი თავს დაესხა და კვერცხები ესროლა. ამის შემდეგ კირთაძეს თავდამსხმელი ფიზიკურად დაუპირისპირდა, ფორმულას ჟურნალისტს კი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. როგორც ჟურნალისტი ყვება, დაპირისპირებაში ჩაერთნენ პუტინისტური ალტ-ინფოს ოფისში მყოფი პირებიც, რომლებმაც მხარი თავდამსხმელს დაუჭირეს.

კომენტარები