რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბერბოკი: ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით უკრაინელი ხალხის მდგომარეობა ვერ შემსუბუქდება

ანალენა ბერბოკი
REUTERS/Lisi Niesner

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის თქმით, რუსეთის მიერ წამოყენებული დროებითი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება უკრაინელების მდგომარეობას არ გააუმჯობესებს, რადგან მისი აზრით, კრემლს გულწრფელი მოტივები არ ამოძრავებს.

"ეს ომი მხოლოდ პუტინის მიზეზით დაიწყო და თუ მას დასრულება სურს, ომი ხვალვე დასრულდება. 

ამით [ცეცხლის დროებით შეწყვეტის შეთანხმებით] უკრაინელი ხალხის მდგომარეობა არ შემსუბუქდება, პირიქით. სამწუხაროდ, რუსეთის ეს ინიციატივა გულწრფელი მოტივით წამოყენებული წინადადების გარდა ყველაფერია". - თქვა ბერბოკმა. 

ბერბოკმა ასევე ისაუბრა იმაზე, თუ რა მძიმე პირობებში უწევთ უკრაინის მოქალაქეებს ცხოვრება. მისი სიტყვებით, გარდა იმისა, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება, საერთაშორისო ორგანიზაციები მათ დახმარებას ვერ ახერხებენ. 

"უკრაინელ ხალხს უწევს შიშში ცხოვრება. რუსული საოკუპაციო ჯარების შიშში, რომლებიც ყოველდღიურად იტაცებენ, აწამებენ და კლავენ მოქალაქეებს". - ამბობს ბერბოკი. 

აქამდე, ომის კვლევის ინსტიტუტი 9 დეკემბრის ანგარიშში წერდა, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინის უკრაინასთან მოლაპარაკებების გაგრძელება კიევსა და დასავლელ ლიდერებს შორის ურთიერთობების გასაუარესებლად სურს. 

ანალიტიკოსების შეფასებით, პუტინი მუდმივად ცდილობს მოლაპარაკებების პროცესით მანიპულირებას, რათა უკრაინამ პარტნიორებისგან მხარდაჭერა ვეღარ მიიღოს. ასევე, სავარაუდოა, რომ პუტინი ეცდება ნებისმიერი ცეცხლის შეწყვეტის ფანჯრის გამოყენებას, რათა რუსეთის ჯარებს ძალების აღდგენისთვის დრო მიეცეთ. თუმცა, ISW წერს, რომ ნაკლებსავარაუდოა საქმე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდეს. 

"რუსეთი და უკრაინა პირობების შეთანხმებისგან უკიდურესად შორს არიან და თითქმის შეუძლებელია წარმოვიდგინოთ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომ აღარაფერი ვთქვათ მის დაცვაზე, რომელიც რუსეთს შესაძლებლობას მისცემს, შეაჩეროს უკრაინის ზამთრის კონტრშეტევა". - წერია ანგარიშში.

კომენტარები